სისხლში ცხიმის მაღალი დონე სავარაუდოდ იმაზე საზიანოა, ვიდრე აქამდე გვეგონა — #1tvმეცნიერება
სისხლში ცხიმის მაღალი დონე სავარაუდოდ იმაზე საზიანოა, ვიდრე აქამდე გვეგონა — #1tvმეცნიერება

უკვე ცნობილია, რომ სისხლში ცხიმის მაღალი დონე, რასაც ხშირად ჭარბწონიანობა იწვევს, ჩვენი სხეულისთვის კარგი არ არის. თუმცა, ახალმა კვლევამ გამოავლინა აქამდე უცნობი ის საფრთხეები ჩვენი ჯანმრთელობისადმი, რასაც შეიძლება სისხლში ცხიმის მაღალი დონე იწვევდეს.

ცხიმი კუნთის უჯრედებს დამატებითი სტრესის ქვეშ აქცევს, იწვევს მათი სტრუქტურისა და ფუნქციის დაზიანებას. უახლესმა კვლევამ კი დაადგინა, რომ ეს დასტრესილი უჯრედები ასევე გამოყოფენ სიგნალს, რომელიც შეიძლება სხვა უჯრედებს გადაეცეს და კიდევ უფრო მეტი ზიანი გამოიწვიოს.

ეს სიგნალები ცერამიდების სახელით ცნობილი მოლეკულების ფორმას იღებს. მიუხედავად იმისა, რომ მათი რეალური როლი უჯრედების სტრესის შემცირებაა, გრძელვადიანი მეტაბოლური დაავადებისას, როგორიც არის, მე-2 ტიპის დიაბეტი, ამის ნაცვლად, მათ შეიძლება უჯრედები მოკლან და დაავადების სიმპტომები უფრო გაამწვავონ.

„მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ჯერ ადრეულ ეტაპზეა, ჩვენმა აღმოჩენამ შეიძლება ახალი თერაპიების ან თერაპიული მიდგომების საძირკველი შექმნას, რათა მოხდეს დიაბეტის მსგავსი გულ-სისხლძარღვთა ან მეტაბოლური დაავადებების განვითარების პრევენცია ადამიანებში, რომლებსაც სიმსუქნის გამო სისხლში ცხიმის მაღალი დონე აქვთ“, — ამბობს ლიდსის უნივერსიტეტის მოლეკულური ფიზიოლოგი ლი რობერტსი.

 

ადამიანის ჩონჩხის კუნთების გამოყენებით, რომლებიც ისე იყო შექმნილი, რომ ჰბაძავდა მეტაბოლური დაავადების მქონე ადამიანისას, მკვლევრებმა ცერამიდების სიგნალირება გაააქტიურეს, რისთვისაც მათ ცხიმოვანი მჟავა, პალმიტინი დაუმატეს.

როდესაც ეს უჯრედები იმ უჯრედებს შეურიეს, რომლებსაც ცხიმები არ ჰქონდა შერეული, მათ ერთმანეთთან კომუნიკაცია დაიწყეს, ცერამიდებს გადასცემდნენ პაკეტებში, რომლებსაც არაუჯრედოვან ვეზიკულებს უწოდებენ და რომლებიც ბუნებრივად გამოიყოფა უჯრედებიდან. ზუსტად ასე წარიმართა პროცესები თაგვებში და ადამიანი მოხალისეებისგან აღებულ უჯრედებში.

მეტი კვლევაა საჭირო იმის დასადგენად, თუ რას ნიშნავს ცერამიდების ეს ახლად გამოვლენილი მოგზაურობა, მაგრამ უკვე ვიცით, რომ ამ მოლეკულებს სხეულის დაზიანება შეუძლიათ. როგორც ჩანს, სისხლში ცხიმის მაღალი დონე უჯრედებს აიძულებს, რომ სტრესი მეზობელ უჯრედებსაც გაუზიარონ.

მკვლევრები აცნობიერებენ, რომ პროცესში შეიძლება ჩართული იყოს ბევრი ჯერ უცნობი ფაქტორი, მაგრამ შეტყობინებათა ეს სისტემა პოტენციურად ერთი გზაა, რომელშიც, ამ კვლევაში შემჩნეული სტრესის გაზიარების შედეგად, ჭარბწონიანი ადამიანებს უფრო მეტი გართულება უვითარდებათ, მაგალითად, დიაბეტი.

გადაცემის ამ ახალი სისტემის აღმოჩენის სარგებელი ის არის, რომ შეიძლება შემოგვთავაზოს ამ გართულებათა განვითარების პრევენციის გზა ცერამიდების როგორღაც დაბლოკვის გზით. იქამდე ჯერ დიდი დროა და ასეთ სამკურნალო საშუალებათა შესაქმნელად უფრო ბევრი კვლევაა საჭირო.

მკვლევართა განცხადებით, სიმსუქნის მაჩვენებელი 1975 წლის შემდეგ გასამმაგდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი მონაცემებით, ამჟამად მსოფლიოში 650 მოზრდილი ჭარბწონიანი ადამიანია, რომელთაგან ყველას აქვს სისხლში ცხიმის მაღალი დონე.

„სიმსუქნე სულ უფრო მზარდი პანდემია ხდება და მასთან დაკავშირებული ქრონიკული დაავადებები, მაგალითად, მე-2 ტიპის დიაბეტი ახალ სამკურნალო საშუალებებს საჭიროებს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მიერ მიღებული შედეგები ამ მიმართულებით ახალ გზებს შემოგვთავაზებს“, — ამბობენ მკვლევრები.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია leeds.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.