სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი აცხადებს, რომ მონღოლეთს მოუწევს ახსნა, რატომ უგულებელყო ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი აცხადებს, რომ მონღოლეთს მოუწევს ახსნა, რატომ უგულებელყო ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი

მონღოლეთს მოუწევს იმის ახსნა, თუ რატომ უგულებელყო ვლადიმერ პუტინის დაკავების სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ორდერი, – ამის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების საკითხი ამჟამად სასამართლოს დონეზე მიმდინარეობს.

„მოსამართლეებს შეუძლიათ მომხდარზე რეკომენდაციის გაცემა. მე არ მინდა რაიმეს პროგნოზირება, რადგან საკითხი მოსამართლეებსა და მონღოლეთის მთავრობას შორის წყდება“, – განაცხადა ხანმა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინამ ჯერ კიდევ 2021 წელს მოითხოვა რუსეთის ქმედებებზე გამოძიების ჩატარება, თუმცა, როგორც ირკვევა, მაშინ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ამისთვის რესურსი არ გააჩნდა, ხოლო თავად პროკურორს სხვა ვალდებულებები ჰქონდა.

გარდა ამისა, ხანის თქმით, მას არ სჯეროდა, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მონღოლეთს 2 სექტემბერს ეწვია. ეს მისი პირველი ვიზიტი იყო რომის სტატუსის ხელმომწერ ქვეყანაში მას შემდეგ, რაც 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ მისი დაკავების ორდერი გასცა.