„სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთათვის პენიტენციური დაწესებულების დატოვებისთვის აუცილებელი წინაპირობა განისაზღვრება
„სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთათვის პენიტენციური დაწესებულების დატოვებისთვის აუცილებელი წინაპირობა განისაზღვრება

უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირისთვის პენიტენციური დაწესებულების დატოვებისთვის აუცილებელი წინაპირობა შესაძლოა, „უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების“ პროგრამის წარმატებით გავლა გახდეს.

უფრო კონკრეტულად, „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცი წელი და წარმატებით გაიარა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამა, სასამართლო უფლებამოსილია იგი პირობით გაათავისუფლოს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გამოსაცდელი ვადით.

რაც შეეხება გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობას, ამ შემთხვევაში სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას არანაკლებ ორი და არაუმეტეს შვიდი წლისა.

ამასთან, მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება შეეცვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის თხუთმეტი წელი, წარმატებით გაიარა ზემოაღნიშნული პროგრამა და თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის მსჯავრდებულის მიერ ამ სასჯელის მოხდის გაგრძელება.

ამ პირობის დაკმაყოფილების შემდეგ, სასამართლო იმსჯელებს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების/სასჯელის შემსუბუქების საკითხზე. გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლო მხედველობაში მიიღებს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა: დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ნასამართლობა, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი, ოჯახური პირობები და მსჯავრდებულის პიროვნება.

აქვე განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ვალდებულება, კანონის სრულად ამოქმედებამდე უზრუნველყოს უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის დამტკიცება, რომელზე დაყრდნობითაც, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებების განხორციელება.