გაეროში აცხადებენ, რომ სირიის შესახებ ჟენევის მოლაპარაკებები 15 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.
ასევე, მათი თქმით, სირიის სამთავრობო დელეგაცია რამდენიმე დღით კონსულტაციებისთვის შინ დაბრუნდება. პრეზიდენტის საკითხი კი, მათივე განმარტებით, ჯერ არ განხილულა.
სირიის საკითხებში გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტეფან დე მისტურამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში, სადაც მას დაპირისპირებულ მხარეებს შორის მედიატორის როლი აქვს, აქცენტი ახალ კონსტიტუციაზე, გაეროს ზედამხედველობით ჩასატარებელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებსა და 12 ძირითად პრინციპზე გაკეთდა.
სირიის სამოქალაქო ომის დაპირისპირებული მხარეები სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს რამდენიმე მეტრის დაშორებით, სხვადასხვა ოთახებში ისხდნენ. წინა შვიდ მოლაპარაკებას შედეგი არ მოჰყოლია. დე მისტურას სასტუმროებს შორის სიარული და დელეგაციებთან განცალკევებული შეხვედრები მუდმივად ჩიხში შედიოდა.
ახლად გაერთიანებულმა ოპოზიციამ კი წელს პირველად პირისპირ შეხვედრისა და მოლაპარაკების შესაძლებლობა წამოჭრა.
მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციები ერთი კორიდორის საპირისპირო მხარეს განათავსეს, მისტურამ მათი შეხვედრისგან თავი ამჯერადაც შეიკავა და კვლავ მედიატორის როლი მოირგო.