სირიის საგარეო უწყება - თურქეთის ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია აფრინში აგრესიის აქტად იქნება შეფასებული
სირიის მთავრობა თურქეთს აფრთხილებს. როგორც სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, თურქეთის ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია აფრინში აგრესიის აქტად იქნება შეფასებული. დამასკოში ამბობენ, რომ ანკარას შესაბამისი ზომებით უპასუხებენ.
„ჩვენ ვაფრთხილებთ თურქეთის ხელმძღვანელობას, რომ საერთაშორისო ნორმების მიხედვით, ნებისმიერი ინიციატივა, დაიწყოს სამხედრო მოქმედებები აფრინში, აგრესიის აქტად ჩაითვლება, რომელიც მიმართულია სირიის არმიისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“, – განაცხადა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფასიალ მიკდადიმ.
მისივე თქმით, სირიის საჰაერო თავდაცვითი სისტემები მზად არიან, გაანადგურონ ნებისმიერი თურქული სამიზნე, რომელიც არაბული რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში შეიჭრება.
შეგახსენებთ, მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა არაერთხელ განაცხადა, რომ სირიის ტერიტორიაზე ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყებას აპირებს.