სირიის ქურთული პარტიის ინფორმაციით, მათი ერთ-ერთი ლიდერი პრაღაში თურქეთის მოთხოვნით დააკავეს
სირიის ქურთული პარტიის ინფორმაციით, მათი ერთ-ერთი ლიდერი პრაღაში თურქეთის მოთხოვნით დააკავეს

სირიის მთავარი ქურთული პოლიტიკური პარტიის განცხადებით, მათი ერთ-ერთი ლიდერი პრაღაში თურქეთის მოთხოვნით დააკავეს. მათივე ცნობით, დაკავებულს სასამართლომ ბრალი ამბოხების მცდელობაში დასდო.

პარტიის განცხადებით, მათი ლიდერი, სალეჰ მუსლიმი სირიის სრულუფლებიანი მოქალაქეა და ევროპაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

ქურთული პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთის სახელმწიფო უკანონოდ ითხოვს ადამიანების დაკავებას, რომლებიც არ არიან მათი მოქალაქეები და „შესაბამისად, თურქეთს მათი დაპატიმრების მოთხოვნის უფლება არ აქვს“.

თურქეთი სალეჰ მუსლიმს მას შემდეგ ეძებდა, რაც თურქულმა სასამართლომ ქურთ პოლიტიკოსს ბრალი სახელმწიფოს ერთიანობისთვის საფრთხის შექმნაში დასდო.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, ჩეხეთი დაკავებული სალეჰ მუსლიმის ექსტრადირებაზე უარს არ იტყვის. მან ასევე დასძინა, რომ თურქეთს ქურთი ხალხის საწინააღმდეგო არაფერი აქვს და უბრალოდ „ტერორისტებს ებრძვის“.

„როდესაც ჩეხეთი მას გადმოგვცემს, ისინი ნახავენ, როგორ აღსრულდება სამართალი“, – განაცხადა ერდოღანმა.