სირიის პრეზიდენტის მეუღლე აცხადებს, რომ მკერდის კიბოსგან სრულად განიკურნა
სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის მეუღლე ასმა ალ ასადი აცხადებს, რომ მკერდის კიბოსგან სრულად განიკურნა.
ასმა ალ ასადმა ინტერვიუ ადგილობრივ ტელეკომპანიას მისცა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ერთი წლის წინ, სირიის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ბაშარ და ასმა ალ ასადები ერთად ისხდნენ საავადმყოფოში. მაშინ ცნობილი გახდა, რომ ასმა ალ ასადი მკერდის კიბოს მკურნალობდა.
„ეს გზა დასრულდა, ტკივილით, თავისი კარგი და ცუდი მხარეებით. მადლობა ღმერთს, დასრულდა. სრული გამარჯვება მოვიპოვე სიმსივნესთან ბრძოლაში“, – განაცხადა ასმა ალ ასადმა ინტერვიუში.
მისი თქმით, ქიმიოთერაპიის კურსს სირიის სამხედრო საავადმყოფოში გადიოდა.