სირიის ოპოზიციიის ცნობით, ქვეყნის დედაქალაქის შემოგარენი დაბომბეს. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ აფეთქებების ხმა დამასკოს სიახლოვეს მდებარე აეროდრომზე გუშინ ღამით ისმოდა. სირიის ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ავიაიერიში ისრაელის ავიაციამ განახორციელა, რასაც თელავივში უარყოფენ.
იერიშს უარყოფს სირიის ხელისუფლებაც, რომელიც აცხადებს, რომ სამხედრო ობიექტზე აფეთქება ელექტროგაყვანილობის ქსელის გაუმართაობამ გამოიწვია.
„ფრანს პრესის“ ინფორმაციით, სირიის დედაქალაქის სიახლოვეს მდებარე სამხედრო აეროდრომზე სირიის არმიის შენაერთები და სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ დისლოცირებულები. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ცნობა არ ვრცელდება.