სირიის ოპოზიციამ გაერო-ს სპეცწარმომადგენელთან საარჩევნო საკითხები განიხილა
სირიის ოპოზიციამ გაერო-ს სპეცწარმომადგენელთან საარჩევნო საკითხები განიხილა

სირიის გაერთიანებული ოპოზიციის დელეგაციამ, გაერო-ს სპეციალურ წარმომადგენელ სტეფან დე მისტურასთან ერთად, მომავალი არჩევნების გრაფიკი და საარჩევნო პროცესის ფაზები განიხილა. ამის შესახებ განცხადება ოპოზიციური დელეგაციის პრესსპიკერმა გააკეთა.

მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა ბევრად სერიოზული და შედეგიანი იყო, ვიდრე წინამორბედები. დისკუსია სირიის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში გაიმართა. გაერო, უკვე მერვედ, შუამავლის როლს ასრულებს მხარეებს შორის, რადგან არც ერთ რაუნდში სამთავრობო ძალები და ოპონენტები პირდაპირ მოლაპარაკებებში არ ჩართულან.

დე მისტურას თქმით, ხუთშაბათს ამ რაუნდის ფარგლებში შეხვედრების ბოლო დღეა.

სირიის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებების მერვე რაუნდი ჟენევაში 28 ნოემბერს დაიწყო და როგორც პროცესის მიმდინარეობისას დაიგეგმა, 15 დეკემბრამდე გაგრძელდება. რაუნდის ნაწილი სამთავრობო დელეგაციის მონაწილეობის გარეშე ჩატარდა. დამასკოს წარმომადგენლებმა მიუღებლად მიიჩნიეს ოპოზიციის მოთხოვნა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომის შესახებ, ეს ულტიმატუმად მიიღეს და მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარი თქვეს.

სამთავრობო დელეგაციამ ჟენევა 2 დეკემბერს დატოვა. ამის შემდეგ, ოპოზიციის დელეგაციის წევრებმა, სტეფან დე მისტურასთან ერთად, არაერთი შეხვედრა გამართეს.