სირიელი ბავშვი, რომელმაც შეტაკებების დროს თვალი დაკარგა, აღმოსავლეთ ღუტას ალყის სიმბოლოდ იქცა.
ერთი თვის კარიმ აბდალა, რომელმაც შეტაკებების დროს ერთი თვალი დაკარგა, აღმოსავლეთ ღუტას ალყის სიმბოლოდ იქცა.
კარიმის ფოტო 4 დეკემბერსაა გადაღებული. ის აღმოსავლეთ ღუტაზე სამთავრობო არმიის მიერ მიტანილი მორიგი იერიშის დროს დაიჭრა. დედამისი ამავე დღეს დაიღუპა.
სურათი სოციალური ქსელებით წამოწყებული კამპანიის სიმბოლო გახდა. მომხმარებლები ცალ თვალზე ხელაფარებულ ფოტოებს ავრცელებენ და ამ გზით ცდილობენ საერთაშორისო საზოგადოებას აღმოსავლეთ ღუტაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ შეახსენონ.
კამპანიაში გაერო-ში დიდი ბრიტანეთის ელჩიც კი ჩაერთო. მან თვალზე ხელაფარებული ფოტო უშიშროების საბჭოს სხდომის მიმდინარეობის დროს გადაიღო და „ტვიტერით“ გაავრცელა.
„როდესაც ჩვენ უმოქმედობაზე და ამის გამო დაღუპულ ადამიანებზე, დაბომბილ სკოლებსა და შეშინებულ ბავშვებზე ვსაუბრობთ, სწორედ ამას ვგულისხმობთ“, – დაწერა მეთიუ რაიკროფტმა მიკრობლოგში.
კარიმის ფოტოს გამოეხმაურა თურქეთის კულტურის მინისტრიც.
„იმ შემთხვევაშიც კი, თუ მსოფლიო დუმილს განაგრძობს და არავის ესმის სირიელების ძახილი, ჩვენ ვიქნებით პატარა კარიმის ხმა, თვალი და ყური“, – წერს ნურან კურტულმუში.
აღმოსავლეთ ღუტა 2013 წლიდან მეამბოხეებს აქვთ დაკავებული. სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის არმიის მრავალწლიანი ალყის მიუხედავად, ამბოხებულები არ ნებდებიან. პერმანენტული შეტაკებებისა და დაბომბვების დროს ყველაზე მეტად ადგილობრივი მოსახლეობა იტანჯება.
სირიის სამოქალაქო ომის სიმბოლოდ წლების განმავლობაში არაერთი ბავშვი იქცა. მათ შორის 2016 წლის ფოტო, რომელზეც პატარა ომრანი სასწრაფო დახმარების მანქანაშია გადაღებული და ალან ქურდი, რომლის ცხედარიც თურქეთის სანაპიროზე ზღვამ გამორიყა. ის ლტოლვილთა კრიზისის არსის ყველაზე მძაფრ გამოხატულებად იქცა.