სირიის ომის დაწყებიდან ათი წელი გავიდა. სირიაში ამბოხება 2011 წლის 15 მარტს მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. არაბული გაზაფხულის ფარგლებში, ახალგაზრდების ჯგუფმა სკოლის კედელზე გააკეთა ქვეყნის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის საწინააღმდეგო წარწერა – „შემდეგში შენი ჯერია, ექიმო“.
საპროტესტო აქციების აკვანი ქალაქი დერა გახდა, სადაც ათი ათასობით ადამიანი რეფორმებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვდა. წარწერების გაკეთების შემდეგ, აქციების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე სკოლის მოსწავლეები დააპატიმრეს. დემონსტრაციებს ბაშარ ასადმა ძალის გამოყენებით უპასუხა, რასაც ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა.
სირიაში მთავრობასა და ოპოზიციურ ჯგუფებს შორის სამოქალაქო ომი დაიწყო. სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ათწლიანი ომის მიუხედავად, თანამდებობა შეინარჩუნა და რუსეთის, ასევე ირანის დახმარებით ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე კონტროლი დაიბრუნა. ამჟამად, სირიის ჩრდილო-დასავლეთ იდლიბის რეგიონს რადიკალური ისლამისტური ჯგუფები და თურქეთისგან მხარდაჭერილი ამბოხებულები აკონტროლებენ. აშშ-სგან მხარდაჭერილი სირიელი ქურთების კონტროლის ქვეშაა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთი. დანარჩენ ტერიტორიაზე კი ბაშარ ასადის გავლენა ვრცელდება.
სირიის ომს სულ 600 000 ადამიანი ემსხვერპლა. ომამდე სირიაში მცხოვრები 23-მილიონიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტი დევნილად, ექვს მილიონამდე კი ლტოლვილად იქცა. სხვადასხვა მონაცემით, ათწლიანი ომის შემდეგ სირიის ზარალი 1.2 ტრილიონი დოლარია.