რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, 2015 წლიდან სირიის ომში მონაწილეობა 63 000-ზე მეტმა რუსმა ჯარისკაცმა მიიღო
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, 2015 წლიდან სირიის ომში მონაწილეობა 63 000-ზე მეტმა რუსმა ჯარისკაცმა მიიღო

2015 წლის შემდეგ, სირიის ომში მონაწილეობა 63 000-ზე მეტმა რუსმა ჯარისკაცმა მიიღო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო ძალებმა 39 000 იერიში განახორციელეს და ტერორისტების 121 466 სამიზნე, ასევე 86 000 მებრძოლი გაანადგურეს.

რუსეთის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში აღნიშნულია, რომ მოსკოვმა სირიაში 231 სხვადასხვა ტიპის იარაღი გამოსცადა, მათ შორის სამხედრო თვითმფრინავები, მიწა-ჰაერის ტიპის სისტემები და ფრთოსანი რაკეტები.

რუსეთს სირიის სამხედრო ოპერაციაში დანაკარგების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. მოსკოვში ამბობენ, რომ დაბომბვების სამიზნე ტერორისტული ჯგუფები არიან, თუმცა სირიის ოპოზიცია აცხადებს, რომ რუსეთის მთავარი სამიზნე ამბოხებულთა ჯგუფებია.

ბრიტანეთში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაციით, რუსეთის დაბომბვების შედეგად, 17 997 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 7 928 მშვიდობიანი მოქალაქე, 4 868 ამბოხებული მებრძოლი და ჯიჰადისტი და ​დაეშის 5 201 წევრი.

რუსეთი სირიის ომში ქვეყნის პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს მხარს.