სირიის კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე მერკელი საფრანგეთის, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შეხვდება
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სირიის კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე საფრანგეთის, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის კანცლერმა ბერლინში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დაადასტურა. ოთხმხრივი სამიტი შესაძლოა, ოქტომბერში შედგეს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ოთხმხრივი შეხვედრის გამართვას“, – აღნიშნა ანგელა მერკელმა. კანცლერის თქმით, ანკარა მნიშვნელოვან ძალისხმევას ახორციელებს, როდესაც თავშესაფარს სამ მილიონზე მეტ სირიელ ლტოლვილს აძლევს.
ოთხმხრივ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი ვითარება იქნება, სადაც 15 ოქტომბრისთვის რუსეთი და თურქეთი ბუფერული ზონის შექმნას გეგმავენ.
„თურქეთი საკუთარ თავზე სერიოზულ პასუხისმგებლობას იღებს რეგიონულ საკითხებთან, მათ შორის, სირიის კრიზისთან, დაკავშირებით“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.