სირიის ხელისუფლება ამბოხებულების მიერ კონტროლირებულ იდლიბის პროვინციაში სამხედრო ოპერაციას იწყებს. მოსკოვში სტუმრობისას, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვალიდ ალ-მუალემმა თქვა, რომ სირიის სამთავრობო არმიის მთავარი მიზანი ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ნუსრას“ განადგურებაა.
„ჩვენი პრიორიტეტი ყველა ადგილობრივ ჯგუფთან კონსოლიდაციაა, რომელსაც იგივე მიზანი აქვს. სამოქალაქო მსხვერპლის თავიდან ასარიდებლად, ძალისხმევას არ დავიშურებთ“, – აღნიშნა სირიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
იდლიბის რეგიონი ამბოხებული ოპოზიციური ჯგუფების ბოლო დასაყრდენია, რომელსაც თურქეთი უმაგრებს ზურგს. სირიის მთავრობაში ამბობენ, რომ რეგიონი ტერორისტული ჯგუფების თავშესაფარია.