სირიის აფრინის რეგიონში თურქეთმა ქურთების პოზიციები არტილერიით დაბომბა
სირიის აფრინის რეგიონში თურქეთმა ქურთების პოზიციები არტილერიით დაბომბა.
ქურთული სააგენტო Firat-ის ინფორმაციით, საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა „ქურთების თავდაცვითი ძალების“ თავდაცვის ხაზი ორი სოფლის მახლობლად, რამდენიმე სოფელი და ქალაქი ტელ-რაფაატი. აღნიშნული დასახლებული პუნქტები სასაზღვრო ქალაქ აზაზის რეგიონში მდებარეობს.
ქურთული გამოცემები წერენ, რომ თურქეთის არტილერიის სამიზნე გახდა კიდევ ორი, კობანისა და ელ-მალიკის რეგიონები.
სირიის აფრინის რეგიონის ირგვლივ, სადაც 1.5 მილიონი ქურთი ცხოვრობს, ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ქურთული სამხედრო ჯგუფების წინააღმდეგ თურქეთი ღიად აცხადებს სამხედრო ოპერაციის ჩატარების სურვილს.
თურქული გამოცემა Haber Turk-ის ინფორმაციით, საინჟინრო დანაყოფებმა სირიის საზღვარზე აღმართული კედელი 12 სხვადასხვა ადგილას დაშალეს და ჯავშანტექნიკა აფრინში შესასვლელად სწორედ ამ მონაკვეთებს გამოიყენებს. თავის მხრივ, ქურთულმა სამხედრო ჯგუფებმა, რომლებიც თურქეთის შეტევის მოსაგერიებლად ემზადებიან, აფრინიდან აზაზისკენ მიმავალი გზა ტანკსაწინაღმდეგო თხრილებით გადაკეტეს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთს მოუწოდებს, არ დაიწყოს სამხედრო ოპერაცია აფრინში სირიელი ქურთების წინააღმდეგ და ნაცვლად ამისა, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაზე ფოკუსირდეს. თურქეთი აშშ-ის მიერ ქურთების შეიარაღებას და სირიის სასაზღვრო უსაფრთხოების ძალების შექმნის გეგმას აპროტესტებს. თურქეთი გაღიზიანების ფონზე ცნობილი ხდება, რომ სირიის სასაზღვრო უსაფრთხოების ძალები, რომლის ნახევარი ქურთებით უნდა დაკომპლექტებულიყო, თავდაპირველი გეგმით აღარ შეიქმნება.