სირიაში სომეხი კათოლიკე მღვდლის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
სირიის დეირ ელ-ზორის პროვინციაში სომეხი კათოლიკე მღვდლის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. დაეშმა სოციალურ ქსელ „ტელეგრამის“ არხებით „ორი ქრისტიანი მღვდლის მკვლელობაზე“ გაავრცელა ინფორმაცია.
სირიის სახელმწიფო ტელეკომპანია „სანას“ ინფორმაციით, მოკლულია ქამიშლის სომხური კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელი, მღვდელი ჰუსიბ აბრაჰამ ბიდოიანი და მისი მამა. რადიკალი ისლამისტები სასულიერო პირის ავტომობილს დეირ ელ-ზორის გზაზე დაესხნენ თავს და ცეცხლი გაუხსნეს. ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი ადგილზევე დაიღუპა.
ქურთული სააგენტო „რუდავი“ წერს, რომ ალ-ბუსარიას ზონაში ჯიჰადისტების ე.წ. მძინარე უჯრედების გააქტიურება შეინიშნება.