სირიაში, პანკისის ხეობის სოფელ დუისის მკვიდრი გიორგი მარგოშვილი, იგივე ფეიზულა კუშტანაშვილი დაიღუპა. დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ოჯახს გუშინ საღამოს, ტელეფონით შეატყობინეს. გიორგი მარგოშვილი სირიაში საბრძოლველად ხუთი წლის წინ წავიდა. ოჯახის წევრები სამძიმარს დილიდან იღებენ.
მარგოშვილი 2012 წელს, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს იმ 17 მებრძოლს შორის იმყოფებოდა, რომლებიც საქართველო-დაღესტნის საზღვარზე გადასვლას გეგმავდნენ. ამის შემდეგ მარგოშვილმა საქართველო დატოვა და სირიაში საბრძოლველად წავიდა.
პანკისის ხეობაში გიორგი მარგოშვილს მშობლები და ოთხი ვაჟი ჰყავს. პანკისის ხეობიდან სირიაში გარდაცვალების ეს უკვე 27-ე შემთხვევაა.