სირიაში რუსული ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
სირიაში რუსული ვერტმფრენის Mi-24-ის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტი 31 დეკემბერს მოხდა, თუმცა ძალოვან სტრუქტურაში ინფორმაცია ოფიციალურად დღეს დაადასტურეს.
რუსული მედიის ცნობით, ვერტმფრენი ჰამას პროვინციაში, სამხედრო აეროდრომიდან 15 კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.
ვერტმფრენის ჩამოვარდნის შემდეგ, ორი მფრინავი დაიღუპა, ფრენის ინჟინერმა კი სხეულის დაზიანება მიიღო და სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად ხმეიმის ავიაბაზაზე გადაიყვანეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ვერტმფრენის მიმართულებით სროლა არ ყოფილა.