სირიაში მდებარე რუსულ ავიაბაზას კვლავ თავს დაესხნენ.
როგორც სააგენტო Orient News-ი იტყობინება ლატაკიის პროვინციაში მდებარე სამხედრო ობიექტს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს. გავრცელებული ცნობით უსაფრთხოების სისტემამ ხელნაკეთი დრონები დროულად დააფიქსირა და სირენა ჩაირთო. ხმეიმიმის ბაზაზე სროლის შესახებ ცნობა დაადასტურა სირიელმა ჟურნალისტმა კევორკ ალმასიანმაც.
როგორც სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ცენტრი იუწყება, თავდასხმა რუსეთის ავიაბაზაზე „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოაწყო.
მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი რუსეთის თავდაცვის უწყებაში ჯერ არ გაუკეთებიათ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სირიაში მდებარე რუსეთის სამხედრო ობიექტს მეორედ ესხმიან თავს. 31 დეკემბერს ბაზას ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა ორი სამხედრო მოსამსახურე.