სირიაში ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი რეჟიმის გამოცხადების შესახებ რეზოლუციის კენჭისყრა რუსეთის წინააღმდეგობის გამო გადაიდო
გაერო-ს უშიშროების საბჭოში სირიაში ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი რეჟიმის გამოცხადების შესახებ რეზოლუციასთან დაკავშირებით კენჭისყრა რუსეთის წინააღმდეგობის გამო გადაიდო.
ხუთშაბათს დაგეგმილი კენჭისყრა, პარასკევს, 23 თებერვალს გაიმართება. გაერო-ში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ შვედეთისა და ქუვეითის პროექტს არარეალისტური უწოდა. მანამდე რეზოლუციის პროექტი გააკრიტიკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, რუსეთი მხარს დაუჭერს დოკუმენტს, თუ ცეცხლი შეწყვეტის რეჟიმი არ გავრცელდა იმ დაჯგუფებებზე, რომლებსაც მოსკოვი ტერორისტულად მიიჩნევს, მათ შორის აღმოსავლეთ ღუტაში მყოფი ამბოხებულები.
უფლებადამცველების მონაცემებით, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ ღუტაში ბოლო ხუთი დღის განმავლობაში საჰაერო დარტყმებს 300-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა აღმოსავლეთ ღუტაში სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა მოსკოვს დააკისრა.
„რუსეთის მიერ სირიის რეჟიმის მხარდაჭერა რომ არა, ეს მსხვერპლი და ნგრევა არ იქნებოდა“, – განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა კონფლიქტის მხარეებს აღმოსავლეთ ღუტაში სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდა, რათა შესაძლებელი გახდეს იქ ჰუმანიტარული დახმარების შეტანა და დაშავებულების ევაკუაცია.