სირიაში 300 ჩეჩენი სამხედრო მოსამსახურე ჩავიდა. რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები სირიაში სპეციალური ამოცანების შესასრულებლად გააგზავნეს. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩეჩენი სამხედროები მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და წესრიგის დაცვის ოპერაციაში ჩაერთვებიან. ისინი სირიისა და თურქეთის საზღვარზე პატრულირებას დაიწყებენ და ქურთი მებრძოლების თავდაცვით რაზმებს 30-კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონიდან გასვლაში დაეხმარებიან.
გარდა ამისა, სირიაში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ავიაბაზაზე ჩაიყვანეს 20 დაჯავშნული ავტომობილიც. რუსი სამხედროები სირიაში ჩრდილოეთ ოსეთის აეროდრომიდან გაემგზავრნენ.
22 ოქტომბერს რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს მემორანდუმი, რომელიც სირიისა და თურქეთის საზღვარზე რუსეთის სამხედრო პოლიციის დისლოცირებას ითვალისწინებს.