სირია ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის განვითარებას გეგმავს
სირია ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის განვითარებას გეგმავს. ამის შესახებ სირიის ეკონომიკისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა სამერ ალ-ხალილმა ანექსირებულ ყირიმში მიმდინარე იალტის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
რუსეთის ხელისუფლების ორგანიზებით მიმდინარე ფორუმში საქართველოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მონაწილეობს.
„ვფიქრობ, შევძლებთ გავაგრძელოთ თანამშრომლობა აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ ეკონომიკური შეთანხმებების ფარგლებში, რათა საბაჟო გაფორმების საკითხები გადავწყვიტოთ. ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით სწორი გზების მონახვა, რათა ჩვენს ბაზრებზე სწრაფად შევსულიყავით. თანამშრომლობის შესაძლებლობები ძალიან დიდია, თუმცა თავდაპირველად, ბუნებრივია, არსებობს გარკვეული სირთულეები, რომლებიც უნდა გადავლახოთ, მათ შორის გადახდების, საბაჟო საკითხების დარეგულირება და ა.შ.“ – განაცხადა სირიის ეკონომიკისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა.
თავის მხრივ, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი დაინტერესებულია სირიასთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების განვითარებით და დამასკოში საელჩოს გახსნას გეგმავს.
ალ-ხალილმა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლებს დამასკოში საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა შესთავაზა.
სირიის მთავრობამ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად შარშან, მაისში აღიარა. ამის გამო, საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად გაწყვიტა.