„სირცხვილიასა“ და „შეცვალეს“ აქციის მონაწილეების ინფორმაციით, შსს-სთან დაპირისპირებისას დაკავებული სამი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან „სირცხვილიასა“ და „შეცვალეს“ მიერ გამართული აქციის მონაწილეების ინფორმაციით, აქციაზე დაპირისპირების დროს დაკავებული სამი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ზვიად კუპრავა, ლაშა ცუცქირიძე და ოთო შენგელია სამართალდამცველებმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობას ან მის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია მოძრაობა „სირცხვილიას“, „შეცვალესა“ და „დემოკრატიული მომავლისათვის“ წარმომადგენლებმა გამართეს. ისინი თამარ ბაჩალიაშვილის, ლუკა სირაძისა და გიორგი შაქარაშვილის საქმეების ობიექტურად გამოძიებას ითხოვდნენ. ადგილზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს.