ბოლნისის “სიონმა” ეროვნულ ლიგაში ასპარეზებობის უფლება ეროვნული საფეხბურთო ლიგის პლეი-ოფში მოიპოვა – კობა ჟორჟიკაშვილის გაწვრთნილმა კლუბმა ბათუმის “დინამოს” ორმატჩიან დუელში აჯობა და ერთწლიანი პაუზის შემდეგ ქვეყნის მთავარ საფეხბურთო ლიგაში დაბრუნდა.
მაგრამ მანამდე, კლუბმა ლიცენზირების პროცესი უნდა გაიაროს, რომლის მოუგვარებლობის გამოც ბოლო წლებში რამდენიმე კლუბი ლიგაში სათამაშოდ არ დაუშვეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) შესაბამისი სამსახური კლუბებს ამოწმებს და სერიოზული დარღვევის შემთხვევაში, ლიგაში თამაში უფლებას არ აძლევს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კლუბების ლიცენზირების მორიგი პროცესი დეკემბერში დაასრულა და კლუბის ცნობით, “სიონმა” 2018 წლის ციკლი წარმატებით გაიარა – სფფ-ს კომიტეტის გადაწყვეტილებით, “სიონი” პრო და “ა” ლიცენზიის მოთხოვნებს აკმაყოფილებს და ეროვნული ლიცენზია მიენიჭა.
სფფ-ს ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილები სრულად უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.