ეროვნული ლიგის განახლებას, რომელიც 13 აგვისტოსაა დაგეგმილი, ბოლნისის „სიონი“ ფაქტობრივად, სრულად შეცვლილი შემადგენლობით დაიწყებს.
მოსამზადებელ ეტაპს გუნდი ბოლნისში გადის, სადაც უჩა სოსიაშვილს რამდენიმე ამხანაგური მატჩი აქვს ჩანიშნული. ერთი უკვე გამართა „სამტერდიასთან“ და 0:1 დამარცხდა.
კლუბის პრესსამსახურის ცნობით, უახლოეს დღეებში იგეგმება გულშემატკივართან შეხვედრა, სადაც „სიონის“ მხარდამჭერებს გუნდში არსებულ ვითარებაზე დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან, ასევე ახალწვეულებს წარადგენენ.
ცნობილია, რომ კლუბში გარკვეული ფინანსური პრობლემებია, რის გამოც „სიონი“ წამყვანი მოთამაშეების დიდმა ჯგუფმა დატოვა – ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ბოლნისელებს დაემშვიდობნენ გიორგი გადრანი, ლაშა უგრეხელიძე, ბექა ნიკოლაშვილი, ზურაბ ჯაფიაშვილი, გიორგი კორიფაძე, ლუკა კობერიძე, ვარლამ კილასონია, ოთარ კვერნაძე, გოდერძი მაჩაიძე და თომა ტაბატაძე.
ეროვნული ლიგის სეზონს „სიონი“ 6 აგვისტოს, საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩით განაახლებს, სადაც „დინამო 2“-ს დაუპირისპირდება, ხოლო ეროვნული ლიგის გათამაშებას 13 აგვისტოს „დინამო თბილისთან“ გასვლითი მატჩით დაიწყებს.