სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს სეტყვის ალბათობა ნაკლებია
სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს სეტყვის ალბათობა ნაკლებია

დღის მეორე ნახევარში, საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, – ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, მიუხედავად ნალექიანი და არამდგრადი ამინდისა, სეტყვის ალბათობა ნაკლებია.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ჩრდილოეთის ცივი ჰაერის მასების გამო, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 25-30 გრადუსი იქნება. არამდგრადი ამინდი კვირის ბოლომდე გაგრძელდება, შემდეგ კი სინოპტიკოსები ტემპერატურის მატებას ვარაუდობენ.

გუშინ დედაქალაქსა და კახეთის რეგიონში უამინდობამ პრობლემები შექმნა. კერძოდ, სტიქიის შედეგად ახმეტის რაიონის სამ სოფელში, ქისტაურში, ახშანსა და მატანში თითქმის სრულად განადგურდა ყურძნის მოსავალი. ამასთან, სტიქიამ დააზარალა თელავის მიმდებარე სოფლები შალაური, კისისხევი და ნასამხრალი.

ქალაქ თელავში უხვი ნალექი სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა, რის გამოც დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები, ცენტრალურ ქუჩებზე დაზიანდა ასფალტის საფარი.