სინოპტიკოსები ტემპერატურის კლებასა და ყინვის გაძლიერებას ვარაუდობენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას განცხადებით, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, ძირითადად თოვლის სახით, ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიკლებს ტემპერატურა.
გვაზავას განმარტებით, 20-დან 23 იანვრის ჩათვლით, ღამის საათებში ყინვა გაძლიერდება.
„18 იანვრიდან 21 იანვრის ჩათვლით, საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია ცივი ჰაერის მასების გავრცელება. ამიტომ, დღეს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ქარის გაძლიერება, რაც გამოიწვევს ქარბუქს. ჰაერის ტემპერატურა მცირდება მთელ საქართველოში, ღამის საათებში 20-დან 23 იანვრის ჩათვლით გაძლიერდება ყინვა“, – აღნიშნა დოდო გვაზავამ.
მისივე ინფორმაციით, გუდაურის მონაკვეთზე ზვავსაშიშროება ნარჩუნდება.
„გუდაურის გზაზე თოვა ნარჩუნდება. საღამოს და ხვალ დღისით თოვა შეწყდება. შესაძლოა, მცირე თოვა შენარჩუნდეს 20-21 იანვარს, მაგრამ გაძლიერდება ყინვები როგორც დღისით, ასევე ღამის საათებში. ზვავსაშიშროება ამჟამადაც არის ადგილზე, დილით ფიქსირდებოდა 180 სმ-მდე თოვლის საფარი, ამ საღამოსაც მოიმატებს, ზვავსაშიშროება შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ ზვავსაშიშროების პროგრამით, უკვე ხვალიდან დაიწყებენ პროგნოზირებას, როდის შეიძლება ზვავსაშიშროების მოხსნა და დროებითი გზის გახსნა“, – განაცხადა დოდო გვაზავამ.