სიმონ ნოზაძე - პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ხაშურის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობა გრძელდება
პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ხაშურის მუნიციპალიტეტში გრძელდება მნიშვნელოვან პროექტებზე, მათ შორის, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სიმონ ნოზაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
როგორც სიმონ ნოზაძემ აღნიშნა, 22 აგვისტოს გაიხსნა ხაშურის შემოვლითი გზის 13-კოლომეტრიანი მონაკვეთი, რაც არის უნიკალური საინჟინრო პროექტი და მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია საქართველოში ყველაზე მაღალ ბურჯებზე მდგომი ხიდი.
„ხაშურის – ხევის გზის მონაკვეთზე დასაქმებულია 1000-ზე მეტი ხაშურელი. გზის მიმდებარედ მოეწყობა სავაჭრო ადგილები, სადაც მოსახლეობას საშუალება ექნება რეალიზაცია გაუკეთოს საკუთარ პროდუქციას“, – განაცხადა ნოზაძემ.
მისივე თქმით, 31 ივლისს, საფრანგეთის განვითარების ეროვნულ სააგენტოსთან ხელი მოეწერა საკრედიტო შეთანხმებას 58 მილიონ ევროზე ხაშურისა და მიმდებარე დასახლებების, კერძოდ: ცხრამუხისა და ოსიაურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მომსახურების გაუმჯობესების შესახებ.
„ესეც თავისთავად უნიკალური ნაგებობაა. 220 მილიონ ლარზე მეტი ჯდება მისი მშენებლობა. ამ პროექტთან ერთად დაიწყება ხაშურის გზების აღდგენაც. ამ პროექტშიც რამდენიმე ასეული ხაშურელი იქნება დასაქმებული“, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, მიმდინარეობს სურამის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა.
„ამ გეგმის მიღების შემდეგ აღიკვეთება სურამი უსისტემო განაშენიანება და სურამი გადაიქცევა საქართველოს წამყვან საკურორტო-ტურისტულ ცენტრად. ასევე, გადაწყვეტილია სურამი ციხის რეაბილიტაცია და მისი ინფრასტრუქტურის მოწყობა“, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ.
მისივე თქმით, დაიწყო 11 მილიონ ლარად ღირებული პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა, რომელიც დეფიციტურ პროფესიებში ახალგაზრდებს მოამზადებს. ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს ახალი სტადიონის მშენებლობა.
„ინფრასტრუქტურის ძირითადი ნაწილი, მათ შორის, სპორტული მოედანი მოწყობილი იქნება ოქტომბრის თვეში. მთლიანად სტადიონი კი, გაიხსნება მომავალი წლის მარტში და ვემზადებით საფეხბურთო კლუბ „ივერიას“ აღორძინებისთვის“, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით მოხდება დავით აღმაშენებლის წაღვლის სასახლის აღდგენა და გაკეთდება ეპოქის მუზეუმიც.
„მიმდინარეობს სხვა საკითხებზეც მუშაობა. ეს გახლავთ: გზები კეთილმოწყობა, სოფლების სასმელი წყლით უზრუნველყოფის გაუმჯობესება, სასოფლო სავარგულების გასარწყავიანება, გაზიფიცირების დამთავრება და ა.შ. საერთო შეფასებით, ის რაც ბოლო ოთხი წლის მანძილზე გაკეთდა და კეთდება დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ხაშურში არ გაკეთებული“, – აღნიშნა სიმონ ნოზაძემ.
მისივე თქმით, შეიქმნა ხაშურის განვითარების ახალი კონცეფცია, რომლის რეალიზაციაც ხაშურის იერსახესაც ძირფესვიანად შეცვლის და ქვეყნის გეოგრაფიული ცენტრის პარალელურად ქალაქს გადააქცევს საკურორტო, ტურისტულ, სპორტულ, სატრანზიტო, საგანმანათლებლო, კულტურულ და ისტორიოგრაფიულ ცენტრად.