სიმონ ნოზაძე - გუშინ სპეცსამსახურების სამი სკოლის ჭიდილი იყო, გიგი უგულავა, გრიგოლ ვაშაძე და ვახტანგ გომელაური, აშკარად აჯობა ამერიკული სკოლის წარმომადგენელმა გომელაურმა
სიმონ ნოზაძე - გუშინ სპეცსამსახურების სამი სკოლის ჭიდილი იყო, გიგი უგულავა, გრიგოლ ვაშაძე და ვახტანგ გომელაური, აშკარად აჯობა ამერიკული სკოლის წარმომადგენელმა გომელაურმა

ჩვენ ვნახეთ ორი სოლიდური პოლიტიკოსის, ვაშაძისა და უგულავას არაადეკვატური საქციელი, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, სიმონ ნოზაძემ განაცხადა.

სიმონ ნოზაძემ 18 ნოემბერს პარლამენტის წინ გამართული აქცია შეაფასა და აღნიშნა, რომ პოლიციის ქმედებები კომპეტენტური იყო.

„პოლიციამ კომპეტენტურად იმუშავა. ეს სწავლება უფრო იყო, ვიდრე გაყვანის ღონისძიება. ჩემი შეფასებით, გუშინ სპეცსამსახურების სამი სკოლის ჭიდილი იყო. ერთი მხრივ იდგნენ გიგი უგულავა, როგორც უშიშროების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, გრიგოლ ვაშაძე, როგორც „ფეგეუს“ აღზრდილი და მეორე მხრივ, იყო ვახტანგ გომელაური, როგორც ამერიკული სპეცსამსახურების ინსტრუქტორების მიერ მომზადებული ამერიკული სკოლის წარმომადგენელი.

ჩემი აზრით, ამერიკული სკოლის წარმომადგენელმა გაცილებით კარგად იმუშავა. ვხედავდი ორი სოლიდური პოლიტიკოსის, ვაშაძისა და უგულავას არაადეკვატურ საქციელს. უგულავა ცდილობდა რაიმე დაზიანება მიეღო და ეძებდა მიზეზს, დაეკავებინათ. ვაშაძე იქცეოდა ისე, როგორც მის ტიპაჟს არ შეეფერება, გამონათქვამები, სამართალდამცველების მისამართის ძალადობა. მგონია, ორივე მიზეზს ეძებდა, რომ დაეძაბა სიტუაცია“, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონლური მოძრაობის“ ხელწერად გადაიქცა ძალადობრივი ფორმების გამოყენება.

„სპეცსამსახურებში ასწავლიან ფსიქოლოგიას განსაკუთრებით. არსებობს ასეთი ოლროკრატია. ესაა ბრბოს ფსიქოლოგია, ბრბოს მმართველობა. მგონია, ბატონი უგულავა და ვაშაძე ცდილობდნენ, რომ ოხლოკრატიული განწყობა და სისტემა შემოეტანათ პოლიტიკურ სპექტრში. 22-მა პარტიამ შეძლო 6 ათასამდე მომხრე მიაყვანა. ანუ თითო პარტიამ მიიყვანა 250-300 კაცი.

„ნაციონლური მოძრაობის“ ხელწერად გადაიქცა ძალადობრივი ფორმების გამოყენება. როგორც კი, იგრძნობს რომ ვიღაცამ პროტესტი გამოთქვა და შეიკრიბა ადამიანთა ჯგუფი, იმწუთას ცდილობს, თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს. ასე იყო 20 ივნისის ღამესაც, ასე იყო გუშინაც. გუშინ, როგორც კი დაიწყეს ძალადობრივ ქმედებაზე გადასვლა, მაშინვე ყველა პოლიტიკური ძალა გაეცალა. გუშინ არცერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი მათ გვერდით აღარ იდგა. დარჩნენ მხოლოდ მათი აქტივის ამარა. ცდილობდნენ იმ მეთოდებით ემუშავათ, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ საშუალებას მისცემდა ხელისუფლებაში დაბრუნებულიყვნენ. ეს არის დესტრუქცია. ეს დაშლა არ იყო“, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ.