სიმონ ნოზაძე - ჩემი პოზიციაა, რომ რუსეთთან დიალოგისთვის გზები ვეძებოთ
სალომე ზურაბიშვილი გამოცდილი პოლიტიკოსი და ფრანგული დიპლომატიური სკოლის აღზრდილია, რომელმაც იცის, რაც აქვს მხედველობაში, – ამის შესახებ ნორმანდიულ ფორმატთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მოსაზრებაზე პარლამენტის ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძემ განაცხადა.
დეპუტატის პოზიციაა, საქართველომ რუსეთთან დიალოგის გზები ეძებოს.
„ჩემი პოზიციაა, რომ რუსეთთან დიალოგისთვის გზები ვეძებოთ. ამჟამად, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ძალიან შეზღუდულია რუსეთთან დიალოგი. ძირითადად, ჟენევაში ცალკეული შეხვედრებია და არსებობს აბაშიძე-კარასინის ფორმატი. მაინც მგონია, რომ გზები უნდა ვეძებოთ და ხელისუფლებაც უნდა შეხვდეს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს. საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიის ლიდერებს ურთიერთობა აქვთ რუსეთთან, მაგრამ პრობლემების გადაწყვეტისთვის ეს ფორმატი საკმარისი არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთთან დიალოგს უნდა ვეცადოთ, მაგრამ ეს ისე უნდა მოხდეს, რომ თანაბარუფლებიანი მხარეების შეხვედრა იყოს“, – განაცხადა ნოზაძემ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობის ახალი ფორმატია საჭირო.
„სანამ კარასინი-აბაშიძის ფორმატი იქნებოდა, მანამ პრაქტიკულად, ურთიერთობა აღარ არსებობდა 2008 წლის შემდეგ რუსულ მხარესთან. ამ ფორმატს თავისი თავი არ ამოუწურავს, თუმცა, ბუნებრივია, უნდა ვეძებოთ რუსეთთან ურთიერთობის ახალი ფორმატი“, – განაცხადა დეპუტატმა, სიმონ ნოზაძემ.