„სიმფსონების“ შემქმნელებმა გადაწყვიტეს, ერთ-ერთი ეპიზოდიდან მაიკლ ჯექსონის ხმა ამოიღონ
მულტიპლიკაციური სერიალის „სიმფსონების“ შემქმნელებმა გადაწყვიტეს, 1991 წელს გადაღებული ეპიზოდიდან მაიკლ ჯექსონის ხმა ამოიღონ. ამის შესახებ გამოცემა „უოლ სტრიტ ჯოურნალს“ სერიალის აღმასრულებელმა პროდიუსერმა ჯეიმს ბრუქსმა განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ეპიზოდი დროებით წაიშლება ყველა პლატფორმიდან. ამას გარდა ამოიღებენ ყველა გასაყიდ დისკს, სადაც აღნიშნული სერიაა ჩაწერილი. ამის მიზეზი სატელევიზიო ქსელ „ეიჩ ბი ოუ”-ს (HBO) მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი გახდა, რომელშიც ორმა მამაკაცმა მომღერალი პედოფილიაში დაადანაშაულა.
ორნაწილიან დოკუმენტურ ფილმში სახელწოდებით „ნევერლენდის დატოვებისას“ უეიდ რობინსონი და ჯეიმს სეიფჩაკი აცხადებენ, რომ ისინი შვიდი და ათი წლის ასაკში მაიკ ჯექსონის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ. ფილმის სატელევიზიო ეთერში გასვლის შემდეგ, უმსხვილესმა ახალზელანდიურმა და კანადურმა რადიოსადგურებმა უარი განაცხადეს ეთერში მაიკლ ჯექსონის სიმღერების გაშვებაზე.
მაიკლ ჯექსონის შესახებ დოკუმენტური ფილმის პრემიერა თავდაპირველად იანვრის ბოლოს სანდენსის ფესტივალზე შედგა. სატელევიზო პრემიერა კი, 3-4 მარტს გაიმართა. მაიკლ ჯექსონის ოჯახმა „ეიჩ ბი ოუ”-ს სასამართლოში უჩივლა და მორალური ზიანისთვის 100 მილიონი დოლარი მოითხოვა.
პოპის მეფე მაიკლ ჯექსონი ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში მის სიცოცხლეშივე, 1993 და 2003 წლებშიც დაადანაშაულეს. 2005 წელს სასამართლომ ის უდანაშაულოდ ცნო.