სილვიუ დომენტე - საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა რეფორმა, რომლითაც ქალაქებსა და სოფლებში უფრო მიმზიდველი გახდება პირველადი ჯანდაცვა, ამ გზით კი შესაძლებელია სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის სილვიუ დომენტეს განცხადებით, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სფეროს ბიუჯეტი სწორად გადანაწილდეს.
მისი თქმით, ჯანდაცვის ძლიერი სისტემის მქონე ქვეყნებში რესურსის დიდი ნაწილი პირველად ჯანდაცვაში იხარჯება, რადგან მოქალაქეებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების 70-80 პროცენტის მოგვარება პირველადი ჯანდაცვით შეუძლიათ.
სილვიუ დომენტეს განმარტებით, საქართველოში დღეს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის უდიდესი ნაწილი განსაზღვრულია ჰოსპიტალური, სპეციალიზებული მომსახურებისა და გეგმური ოპერაციებისთვის.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ უკვე წარმოადგინა პირველადი ჯანდაცვის დიდი რეფორმა, რომლითაც შესაძლებელია სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა და მოქალაქეები აღარ მიმართავენ უფრო ძვირადღირებულ გეგმურ სერვისებს ჰოსპიტლებში.
„დღეს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის უდიდესი ნაწილი განსაზღვრულია ჰოსპიტალური, სპეციალიზებული მომსახურებისთვის, გეგმური ოპერაციებისთვის და ა.შ. იმ ფონზე, როდესაც ჯანდაცვის ძლიერი სისტემის მქონე ქვეყნებში რესურის დიდი ნაწილი პირველად ჯანდაცვაში იხარჯება, რადგან მოქალაქეებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების 70-80 პროცენტის მოგვარება პირველადი ჯანდაცვით შეუძლიათ. ასე რომ, ეს კიდევ ერთი მიმართულებაა, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტროთან ერთად ვმუშაობთ. მთავრობამ წელს, ივლისში უკვე წარმოადგინა პირველადი ჯანდაცვის დიდი რეფორმა, რომლითაც ქალაქებსა და სოფლებში უფრო მიმზიდველი გახდება პირველადი ჯანდაცვა. ამ გზით შესაძლებელია სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა. ეს სერვისები ნაკლებ ხარჯს მოითხოვს და აღნიშნული მომსახურება მუდმივად უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ამ შემთხვევაში მოქალაქეები აღარ მიმართავენ უფრო ძვირადღირებულ გეგმურ სერვისებს ჰოსპიტლებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ერთი მხრივ, ჩვენ ვაძლიერებთ პირველად ჯანდაცვას, მეორე მხრივ კი, უკეთესად ხდება მედიკამენტების ფასებისა და ხარისხის რეგულირება“, – განაცხადა სილვიუ დომენტემ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.