სილვიუ დომენტე - პირველადი ჯანდაცვის რეფორმა სრულიად ახალ მიდგომას ითვალისწინებს, ექთნების როლის გაზრდასა და სერვისების ჰარმონიზაციას სოფელსა და ქალაქში
პირველადი ჯანდაცვის რეფორმა სრულიად ახალ მიდგომას ითვალისწინებს, ექთნების როლის გაზრდასა და სერვისების ჰარმონიზაციას სოფელსა და ქალაქში, – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის განცხადებით, პირველადი ჯანდაცვა თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისა და ჰოსპიტალური სექტორის განვითარების საფუძველია.
„დღეს ჩვენ დავესწარით პირველადი ჯანდაცვის საბჭოს ისტორიულ სხდომას, სადაც წარმოდგენილ იქნა საქართვლოს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ე.წ. საგზაო გეგმა, რომელიც არის იმ ექსპერტთა ჯგუფის სიღრმისეული ანალიზის შედეგი, რომლებიც ამ გეგმის შემუშავებაზე მუშაობდნენ. ეს არის ერთობლივი ჯგუფი, რომლის წევრები არიან გამოცდილი ქართველი ექსპერტები. ჩვენ ჩავრთეთ საერთაშორისო ექსპერტებიც. რა თქმა უნდა, მანამდე განხორციელდა მოსამზადებელი სამუშაო. მე ვიტყოდი, რომ ამ ეტაპზე საქართველო მზად არის გადადგას სათანადო ნაბიჯები და დაიწყოს ეს რეფორმა. ეს არ არის უბრალოდ სერვისების ჩამონათვალი, ეს არის საქართველოში პირველადი ჯანდაცვის ახალი ფილოსოფია, ვინაიდან ეს რეფორმა სცილდება მხოლოდ პაკეტის გადახედვას. ის ითვალისწინებს სრულიად ახალ მიდგომას, ექთნების როლის გაზრდასა და სერვისების ჰარმონიზაციას სოფელსა და ქალაქში. დღეს ჩვენ ვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, რომ განხორციელდა სათანადო ანალიზი, შემუშავდა დეტალური საგზაო გეგმა და დადგა რეფორმის განხორციელების დრო“, – აცხადებს სილვიუ დომენტე.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პირველადი ჯანდაცვის განახლებული სერვის პაკეტის ძირითადი მიზნებია ციფრული ჯანდაცვის სერვისების გამოყენების გაფართოება, პირველადი ჯანდაცვის, როგორც კონტაქტის პირველი რგოლის გაძლიერება, ოჯახის ექთნის როლის გაზრდა, ინდივიდუალური რისკის შეფასება და ქრონიკული დაავადებების მართვა. კერძოდ, საგანმანათლებლო და საკონსულტაციო სერვისების დანერგვა პაციენტის უკეთესი თვით მართვის მიზნით. „უწყვეტი სამედიცინო დახმარება და მოსახლეობის ჯანმრთელობის მართვა ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია“, – აცხადებენ უწყებაში.