სილვიო დომენტე - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ეტაპზე არ გასცემს მგზავრობის შეჩერების რეკომენდაციას, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ ქვეყნებმა თავად გაატარონ დამატებითი ზომები
სილვიო დომენტე - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ეტაპზე არ გასცემს მგზავრობის შეჩერების რეკომენდაციას, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ ქვეყნებმა თავად გაატარონ დამატებითი ზომები

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ეტაპზე არ გასცემს რაიმე სახის რეკომენდაციას ვაჭრობისა და მგზავრობის შეჩერებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ წევრმა ქვეყნებმა შესაძლოა, თავად გაატარონ დამატებითი ზომები, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, სილვიო დომენტემ განაცხადა.

სილვიო დომენტე სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მიმდინარე შეხვედრაში მონაწილეობს, სადაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს საქართველოში კორონავირუსისა და მის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აცნობენ. შეხვედრა გაერო-ს მუდმივი კოორდინატორის ოფისის მხარდაჭერით იმართება.

როგორც დომენტემ აღნიშნა, კორონავირუსი საკმაოდ სწრაფად ვრცელდება.

„თავდაპირველად, ეს ძირითადად ლოკალიზებული იყო ჩინეთში, მაგრამ უკვე გავიდა ჩინეთის ფარგლებიდან. 38 ქვეყანა არის ევროპაში, სადაც უკვე ვრცელდება კორონავირუსი.  ასევე გვაქვს ცხელი წერტილები ირანსა და კორეის რესპუბლიკაში. შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვხვდებით საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს, ასევე გარე პარტნიორებს, რათა განვიხილოთ, როგორი ვითარებაა დღეს საქართველოში და რა სახის ზომებს მიმართავს მთავრობა კორონავირუსის ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა მან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ორი სცენარი არსებობს – ვირუსის სხვა ქვეყნიდან იმპორტირება და ქვეყნის შიგნით გავრცელება. ორივე სცენარის შემთხვევაში, არსებობს სპეციალური რეკომენდაციები, რაც ქვეყნებმა უნდა გაითვალისწინონ.

„რაც შეეხება ზომებს, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ – არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის არსებობს ორი სცენარი: ერთი, როდესაც იმპორტირებულია შემთხვევები და მხოლოდ გარედან შემოსულ ადამიანებს უდასტურდებათ კორონავირუსი, ეს არის საქართველოსთვის ჩვეული სცენარი, და მეორე – როდესაც უკვე ქვეყნის შიგნით ხდება დაავადების გავრცელება. ორივე სცენარისთვის არსებობს სპეციალური ზომები. ჩვენ დღეს სწორედ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ეს ზომები განვიხილოთ. ძირითადად, რა თქმა უნდა, ეს ეფუძნება ლაბორატორიების, ჯანდაცვის დაწესებულების მზადყოფნას, კომუნიკაციას, სწორ კოორდინაციას“, – განაცხადა სილვიო დომენტემ.

ამასთან, მისი თქმით, ფრენების შეზღუდვის რეკომენდაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არ არის გაცემული, თუმცა ქვეყნებს შეუძლიათ, თავად მიიღონ დამატებითი ზომები.

„რაც შეეხება ფრენების აკრძალვასა და რაიმე ტიპის შეზღუდვებს,  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ეტაპზე არ გასცემს რაიმე სახის რეკომენდაციას ვაჭრობისა და მგზავრობის შეჩერებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ წევრმა ქვეყნებმა თავად შესაძლოა, დამატებითი ზომები გაატარონ, მაგრამ ერთადერთი, რასაც ითხოვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, არის ის, რომ ქვეყნებს აქვთ ვალდებულება, ამ ზომების შესახებ აცნობონ ორგანიზაციას და ასევე, დაასაბუთონ აღნიშნული ზომები. ასე რომ, ოფისი ელოდება, თუ საქართველო რამე დამატებით ზომებს განახორციელებს, აუცილებლად დასაბუთებულად აცნობებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. იმედია, აღნიშნული ზომები იქნება მხოლოდ მოკლევადიანი და მძიმე ზემოქმედებას არ მოახდენს ვაჭრობასა და გადაადგილებაზე“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, სილვიო დომენტემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.