სილვიო დომენტე - ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ან მკურნალობის მეთოდი ჯერ არ არსებობს, თუმცა სამკურნალო მეთოდების კლინიკური გამოცდები ძალიან მალე დაიწყება
სილვიო დომენტე - ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ან მკურნალობის მეთოდი ჯერ არ არსებობს, თუმცა სამკურნალო მეთოდების კლინიკური გამოცდები ძალიან მალე დაიწყება

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მსოფლიოში გაიზარდა. ვირუსის გავრცელებიდან სამ თვეში მსოფლიოში „კოვიდ-19“ 100 000-ზე მეტ ადამიანს აღმოუჩინეს. შემთხვევათა უმეტესობა ჩინეთშია აღრიცხული. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 50 000-ს აღწევს. ჩინეთის გარდა, რთული ვითარებაა იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში. კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა საქართველოშიც.

კორონავირუსის შესახებ საქართველოს პირველი არხი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, სილვიო დომენტეს ესაუბრა.

– როგორ შეაფასებდით საქართველოს მზადყოფნას, როგორ ასრულებს მთავრობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს?

– საქართველო თავიდანვე პასუხისმგებლიანად მოეკიდა შექმნილ მდგომარეობას. მთავრობამ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებთან თანხვედრაშია. ჩვენ საკითხს კომპლექსურად ვაფასებთ. დავიწყოთ ეროვნული კოორდინაციით, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ უწყებათაშორის საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ყოველდღიურად იკრიბება და გასცემს რეკომენდაციებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მოქალაქეებთან კომუნიკაცია. ესეც შესრულდა. კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების დღიდან, მოსახლეობასთან კომუნიკაცია აქტიურად მიმდინარეობს. მნიშვნელოვანი კომპონენტია ჯანდაცვისა და სხვა სექტორების მზადყოფნაც. ვგულისხმობ ლაბორატორიების მომზადებას, ტესტების მარაგს, ინფექციის პრევენციას, კონტროლს სამკურნალო დაწესებულებებსა და სხვა ადგილებში, ასევე სამედიცინო პერსონალის მომზადებას. გლობალური მასშტაბით ყველა ქვეყანა უნდა იყოს მზად მოვლენების სამი შესაძლო სცენარით განვითარებისთვის. პირველი ვარიანტი არის, როდესაც საქმე გვაქვს მხოლოდ სხვა ქვეყნებიდან შემოტანილ შემთხვევებთან. სწორედ ასეთი მდგომარეობაა ახლა საქართველოში. ამის შემდეგ შესაძლოა, მოვლენები მეორე სცენარით განვითარდეს, როდესაც ჩნდება ლოკალური გავრცელების შემთხვევები – ე.წ. კლასტერები. ამის შემდეგ აუცილებელია ვირუსის შემდგომი გავრცელების შეჩერება. მესამე და ყველაზე ცუდი სცენარია, როდესაც ვირუსი ბევრ მოქალაქეს გადააქვს და ავრცელებს. მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, ქვეყნებს მეტი ინვესტიციისა და რესურსების გამოყოფა მოუწევთ. თუმცა, ყველა ქვეყანა სამივე სცენარისთვის მზად უნდა იყოს.

– რაც შეეხება ფრენებსა და მოგზაურობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ფრენების შეჩერების რეკომენდაციას იძლევა?

– ჩვენ ბევრჯერ აღვნიშნეთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ იძლევა მოგზაურობისა თუ ვაჭრობის შეზღუდვის რეკომენდაციებს. თუმცა, ცხადია, სუვერენულ ქვეყნებს ამის უფლება აქვთ. ისინი დამატებით ზომებს იღებენ. როდესაც ასე ხდება, საერთაშორისო რეგულაციების მიხედვით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უნდა იყოს გაფრთხილებული, განიმარტოს მიზეზები. საქართველომ ეს ზომები მიიღო და ჩვენი ორგანიზაცია გააფრთხილა. ერთადერთი, რაც ჩვენ გვსურს, არის, რომ ეს ზომები იყოს მაქსიმალურად მოკლევადიანი და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ნაბიჯები იქნება ეფექტიანი.

– ხომ არ არის მიზანშეწონილი სავალდებულო საკარანტინო პერიოდის დაწესება ყველა მგზავრისთვის, ვინც ვირუსის გავრცელების ე.წ. ცხელი წერტილებიდან ბრუნდება?

– სახელმწიფოები თავად იღებენ ასეთ გადაწყვეტილებას და ეს დაფუძნებულია რისკების, ასევე საკუთარი შესაძლებლობების შეფასებაზე. ზოგიერთ ქვეყანაში ამან შეიძლება, გაამართლოს, სხვაგან კი ნაკლებად ეფექტიანი იყოს. ერთადერთი, რაც ამ შემთხვევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გააკეთა, არის საკარანტინო პერიოდისთვის რეკომენდაციების შედგენა, სადაც გაწერილია, როგორ უნდა განხორციელდეს კარანტინი ისე, რომ ადამიანებს ნაკლები ზიანი მიადგეთ.

– კორონავირუსი უკვე გავრცელდა 70-ზე მეტ ქვეყანაში. შეიძლება, შექმნილ მდგომარეობას პანდემია ვუწოდოთ?

– ალბათ გახსოვთ წარსულში შემთხვევები, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იყენებდა ტერმინს  – პანდემია. არსებობდა ექვსი ფაზა, რომელთა გავლის შემდეგაც ცხადდებოდა პანდემია. თუმცა, განახლებული საერთაშორისო რეგულაციებით, ჩვენ ამ ტერმინზე უარი ვთქვით. ამის ნაცვლად ვიყენებთ ტერმინს – საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა, რომელიც საერთაშორისო შეშფოთების საგანს წარმოადგენს. ამ ტერმინსაც აქვს დონეები. ესენია: დაბალი რისკის შემცველი, მაღალი და უმაღლესი საფრთხე. ამჟამად კორონავირუსის გამო გლობალურად საფრთხის უმაღლესი დონე გვაქვს გამოცხადებული. თავდაპირველად უმაღლესი საფრთხე მხოლოდ ჩინეთში იყო. შემდეგ, როდესაც ვირუსი გავრცელდა, ანალოგიური საფრთხე გლობალურად გამოვაცხადეთ. ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას  შეუძლია.

– ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ჩინეთში. რა ახალი ინფორმაცია მიიღეს მათ და თუ შეიძლება გვითხარით, რომელი ასაკის ადამიანებს ემუქრებათ ვირუსი ყველაზე მეტად?

– ამ ეტაპზე საბოლოო მონაცემები ცხადია, არ გვაქვს. პროცესი გრძელდება. რაც უფრო მეტ ინფორმაციას მივიღებთ, უკეთესად შევძლებთ ვირუსის ანალიზს. ყველა ეს მონაცემი გამოქვეყნებულია ორგანიზაციის ვებგვერდზე და პერიოდულად ხდება განახლება. ამჟამად ჩვენს ხელთ არსებული ყველაზე ბევრი მონაცემი არის ჩინეთიდან. გამოკვლეულია 45 000 შემთხვევა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ კვლევიდან შევიტყვეთ, ის არის, რომ კორონავირუსის შემთხვევათა 80 პროცენტი მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. 10-15 პროცენტი არის შედარებით რთული და მხოლოდ ხუთი პროცენტია კრიტიკული, რაც შეიძლება, პაციენტის გარდაცვალებით დასრულდეს. ვირუსის შედეგად გარდაცვალების შემთხვევები ორიდან სამ პროცენტამდე მერყეობს. ეს ციფრები ყოველდღიურად იცვლება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სად არის შეგროვებული მონაცემები – ქალაქ უხანში, მთელ ჩინეთში, თუ მსოფლიოში. ასევე, ირკვევა, რომ ვირუსით ინფიცირებულ ხნიერ ადამიანებსა და სხვა დაავადებების მქონე პაციენტებს შორის გარდაცვალების შემთხვევები გაცილებით მეტია. ყველაზე ხშირად ვირუსი ლეტალურად სრულდება 80 წელს გადაცილებულ ინფიცირებულებში. შემდეგ მოდიან 60 წელს გადაცილებული ადამიანები და ა.შ. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ყველაზე მეტად დაავადების საფრთხე არსებობს საშუალოდ 47 წლიდან ზემოთ. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვირუსი სხვა ასაკობრივ ჯგუფებსაც უქმნის საფრთხეს, რადგან ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც ვირუსს ახალგაზრდებიც ემსხვერპლნენ. კვლევა გრძელდება და საბოლოო დასკვნის გაკეთება ნაადრევია. თქვენ ალბათ ასევე მოისმენდით მოსაზრებას, რომ ვირუსი ბავშვებს ნაკლებად ხვდებათ. თუმცა, ამ საკითხსაც ფრთხილად უნდა მივუდგეთ. დიახ, ამ ეტაპზე ინფიცირებულებს შორის ნაკლები ბავშვია. თუმცა, ეს შეიძლება, მრავალ ფაქტორს გამოეწვია. მაგალითად, ამის მიზეზი შეიძლება, იყო ის, რომ ჩინეთის მთავრობამ დროულად დახურა ყველა სკოლა. შესაძლოა, ამის მიზეზი ის არის, რომ მშობლები, როგორც წესი, უფრო მეტად უფრთხილდებიან ბავშვებს და ა.შ. ამიტომ საბოლოო დასკვნას ჯერ ვერ გავაკეთებთ.

– ვრცელდება ცნობები, რომ ვირუსისგან განკურნებული ადამიანები ხელახლა დაავადდნენ. ასევე, კითხვები ისმის საკარანტინო პერიოდის ვადებთან დაკავშირებით, რადგან ზოგიერთ პაციენტს კორონავირუსი ინფიცირებულთან კონტაქტიდან 27 დღეში დაუდგინეს…

– რასაც თქვენ ახსენებთ, უნიკალური, ერთეული შემთხვევებია. გამონაკლის შემთხვევებზე დაყრდნობით დასკვნებს ვერ გავაკეთებთ. საჭიროა უფრო მეტი და სანდო ცნობები. დიახ, ჩვენ ვიცით, რომ მსგავსი ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა მყარი მტკიცებულებები არ გვაქვს. საჭიროა მეტი მტკიცებულება.

– რა მედიკამენტები არსებობს დღეს კორონავირუსის სამკურნალოდ, რა მეთოდებით მკურნალობენ ინფიცირებულებს?

– ამ ეტაპზე  „კოვიდ -19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, სპეციფიკური წამალი ან მკურნალობის მეთოდი არ არსებობს. ამჟამად ექიმები პაციენტებს მკურნალობის კურსს სიმპტომების მიხედვით უნიშნავენ. თუმცა, რამდენიმე კვირის წინ ჟენევაში სამეცნიერო ფორუმი გაიმართა, სადაც სამეცნიერო კვლევების მთავარ მიმართულებებზე იმსჯელეს. რა თქმა უნდა, კორონავირუსის ვაქცინა პრიორიტეტულია, ისევე როგორც „კოვიდ-19“-ის სამკურნალო საშუალებები. ბევრ ქვეყანაში წამლებისა და სამკურნალო მეთოდების კლინიკური გამოცდები ძალიან მალე დაიწყება. ეს დაახლოებით ერთ თვეში მოხდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს სპეციალური პროტოკოლი კლინიკური ცდებისთვის. იმედი გვაქვს, რომ პირველი კლინიკური ცდების შედეგები რამდენიმე თვეში იქნება ხელმისაწვდომი. ამჟამად, თუ სიტუაცია არის კრიტიკული, მაშინ შეიძლება, პაციენტების მკურნალობა ანტიბიოტიკებით. თუმცა, ანტიბიოტიკებს იყენებენ არა „კოვიდ-19“-ის, არამედ სხვა ინფექციების საწინააღდმეგოდ, რომელიც შეიძლება, პაციენტს გაუჩნდეს. მიმდინარეობს ე.წ. ჟანგბადის თერაპიის მეთოდის კლინიკური გამოცდა. კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის კლინიკური გამოცდაც გრძელდება, რათა გავიგოთ, რამდენად ეფექტურია ეს მეთოდები.

– შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ კორონავირუსი სეზონურია, რამდენად მოქმედებს მასზე გარემო პიროებები და ამინდი?

– ეს ახალი ვირუსია. სულ ორი თვეა, რაც მას ვიკვლევთ. ჯერ იმის თქმა, რომ ტემპერატურა მასზე ზეგავლენას ახდენს, შეუძლებელია, რადგან ინფიცირების შემთხვევები იყო, როგორც ცივ და მშრალ, ისე ცხელ და ნოტიო კლიმატის მქონე ქვეყნებში. ამიტომ დასკვნის გაკეთება ნაადრევია.