„სილქნეტი“ ინტერნეტში ფილმების არალეგალური გავრცელების გამო კომუნიკაციების კომისიას მიმართავს
„სილქნეტი“ ინტერნეტში არალეგალური კინოპროდუქციის გავრცელების წინააღმდეგ კამპანიას იწყებს და რეაგირებისთვის კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართავს.
„ჩვენ, ჩვენი ბიზნეს პასუხისმგებლობის ფარგლებში, მომხმარებელს ვთავაზობთ მხოლოდ ლიცენზირებულ პროდუქციას. შემოგვიერთდით. შევქმნათ ისეთი ინტერნეტ სივრცე, სადაც მხოლოდ ლეგალური და ლიცენზირებული ფილმები გავრცელდება. ერთად დავიცვათ საავტორო უფლებები და ვუთხრათ არა არალეგალურ კონტენტს“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
„სილქნეტი“ აღნიშნავს, რომ საქართველოს ბაზარზე ჯერ კიდევ მოქმედებენ ვებგვერდები, სადაც კინოპროდუქციის გავრცელება არალეგალურად მიმდინარეობს.
„აღნიშნულ საიტებს, ხშირ შემთხვევაში, კონკრეტულ ფილმებზე არ აქვთ მოპოვებული კინოდისტრიბუციის უფლება, მაშინ როცა, ისეთი კომპანიები, როგორიც „სილქნეტია“, მილიონობით ლარს ხარჯავენ ექსკლუზიური კონტენტისა და ფილმების შესაძენად“, – აცხადებენ კომპანიაში.