კომუნიკაციების კომისია ინტერნეტსივრცის პირატული აუდიო-ვიზუალური პროდუქციისგან გათავისუფლების საკითხზე განცხადებას ავრცელებს
ინტერნეტსივრცეში მოპარული კონტენტის გავრცელება კანონით აკრძალულია, – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
უწყებაში განმარტავენ, რომ კომუნიკაციების კომისია ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების დაცვის მიზნით, წლებია, დაინტერესებულ პირებთან და ორგანიზაციებთან ერთად ინტერნეტსივრცის არალეგალური კონტენტისგან გათავისუფლებისთვის აქტიურად მუშაობს. კერძოდ, ვებგვერდებთან, რომლებიც პირატულ აუდიო-ვიზუალურ პროდუქციას ავრცელებენ, კომისია ორ წელზე მეტია, ინტენსიურად მუშაობს.
„კომუნიკაციების კომისიამ ვებგვერდების წარმომადგენლებს თითქმის ორწლიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ საკუთარ პლატფორმებზე განთავსებული კონტენტი კანონთან შესაბამისობაში მოეყვანათ და ლეგალურად განეთავსებინათ.
გამომდინარე იქიდან, რომ მეკობრეობის სრულად აღმოფხვრა კომუნიკაციების კომისიის პრიორიტეტად რჩება, კომისია ამ ეტაპზეც ყოველდღიურად თანამშრომლობს როგორც ქართულ, ისე უცხოურ ვებგვერდებთან არალეგალური კონტენტის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. კომუნიკაციების კომისიამ გასულ კვირაში ხანგრძლივი სამუშაო პროცესის გასვლის შემდეგ, კიდევ ერთხელ მიმართა იმ ვებგვერდებს, რომლებიც მოპარულ კონტენტს ავრცელებენ, რომ გაათავისუფლონ საკუთარი პლატფორმები არალეგალური კონტენტისგან. იმ ვებგვერდებთან დაკავშირებით, რომლებმაც კომისიის მოთხოვნის მიუხედავად არ ამოიღეს საკუთარი პლატფორმიდან არალეგალური კონტენტი, კომისიამ უკვე მიმართა ინტერნეტსერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულნი არიან, მოახდინონ რეაგირება და მიიღონ შესაბამისი ზომები მისი აღმოფხვრის მიზნით.
მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ინტერესების დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტსივრცის არალეგალური კონტენტისგან გათავისუფლების პროცესში, კომპანიებს მაქსიმალური ვადა მისცა, რათა თავისი საქმიანობა კანონთან შესაბამისობაში მოეყვანათ. საავტორო უფლებების დარღვევით, ინტერნეტსივრცეში აუდიო-ვიზუალური კონტენტის განთავსება სერიოზულ ფინანსურ ზიანს აყენებს კომპანიებს, რომლებსაც სწორედ ის კონტენტი აქვთ ნაყიდი და მომხმარებელს ლეგალურად სთავაზობენ, რომელსაც სხვადასხვა ვებგვერდი არალეგალურად ავრცელებს და შესაბამისად, უფლებების კანონიერ მფლობელებს ზიანს აყენებს. ამასთანავე, აღნიშნული ზიანს აყენებს ქვეყნის იმიჯსა და რეპუტაციას.
შეგახსენებთ, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის ნაწილში კომუნიკაციების კომისია რამდენიმე წელია, კომპეტენციის ფარგლებში, ეტაპობრივად მოქმედებს. პირველ ეტაპზე არალეგალური და პირატული კონტენტისგან მაუწყებლებისა და საკაბელო კომპანიების გასუფთავება კომუნიკაციების კომისიამ ფაქტობრივად სრულად მოახერხა. აღნიშნული მიმართულებით არალეგალური კონტენტის გავრცელების აღმოფხვრის მიზნით, კომუნიკაციების კომისიის უმნიშვნელოვანესი როლის შესახებ ამერიკული კინოსტუდიებისგან 2019 წლის ბოლოს მიღებულ მადლობის წერილში ნათლად ეწერა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ნოემბერში ამერიკის კინოსტუდიების მიერ კომუნიკაციების კომისიისთვის გამოგზავნილ წერილში, სწორედ კომისიის როლსა და მიღწეულ შედეგებზე იყო საუბარი, რისთვისაც ორგანიზაციამ კომუნიკაციების კომისიას მადლობა გადაუხადა და მაუწყებლების შემდეგ, ინტერნეტსივრცის არალეგალური კონტენტისგან გასუფთავებაში დახმარება სთხოვა“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.
მათივე თქმით, მადლობის პარალელურად, კომუნიკაციების კომისიას, საქპატენტსა და ინტერნეტმეკობრეობის წინააღმდეგ შექმნილ ასოციაციას Motion Picture Association of America-მ მიმართა, რომელიც „დისნეის“, „ვორნერ ბრაზერს“, „უნივერსალ ფიქჩერს“, „სონის“, „პარამაუნტ ფიქჩერს“ და „ნეტფლიქსს“ აერთიანებს, და საქართველოს ინტერნეტმეკობრეობის გამო გაფრთხილება მისცა.
„მაშინ ამერიკული კინოსტუდიები შეშფოთებას გამოთქვამდნენ საქართველოში არსებულ საიტებზე არალეგალური ფილმების ჩვენების გამო და პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, ქვეყანას სანქციების შესახებ აფრთხილებდნენ, რაც კინო და ტელე მსოფლიო პრემიერების დაგვიანებით ან, რიგ შემთხვევაში, მათი სრულიად გაუქმებით იქნებოდა გამოხატული.
კინოსტუდიები იმედს გამოთქვამდნენ, რომ კომუნიკაციების კომისიის დახმარებით, ინტერნეტსივრცე მალე გათავისუფლდებოდა არალეგალური, არაკანონიერი ფილმებისა და სერიალებისგან.
კომუნიკაციების კომისიის მთავარი ამოცანაა, ინტერნეტსივრცე არალეგალური და პირატული კონტენტისგან ისე გათავისუფლდეს, რომ მომხმარებლის ინტერესი არ დაზიანდეს. სწორედ ამ მიზნით და ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების დაცვის მიმართულებით, კომუნიკაციების კომისია დაინტერესებულ პირებთან და ორგანიზაციებთან ერთად მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.