„სილქ როუდ ჯგუფის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ „ბათუმი რივიერას“ განხორციელება ხელს შეუწყობს ქალაქის განვითარებას და მაღალბიუჯეტიან ტურისტებს მოიზიდავს
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ცოტნე ებრალიძე „დაიცავი ბათუმის“ წევრების განცხადებას ეხმაურება, სადაც ისინი „ბათუმი რივიერას“ პროექტის შეჩერებას ითხოვენ.
ცოტნე ებრალიძის განმარტებით, 2006 წელს ჩატარებულია კვლევა, რომლის მიხედვითაც საპროექტო ტერიტორია არ შედის ისტორიული განაშენიანების არეალში.
„რაც შეეხება თავად პროექტის კავშირს თანაინვესტირების ფონდთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროექტი ხორციელდება „სილქ როუდ ჯგუფის“ მიერ და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის წილობრივი მონაწილეობა არის ერთი პროცენტი, ანუ ჩვენ ვართ პროექტის მხოლოდ ერთ-ერთი ფინანსური პარტნიორი. რაც შეეხება ლეგიტიმურობის საკითხს, რამდენად არის მიზანშეწონილი იქ კონკრეტული კონცეფციის განხორციელება, რომელიც კომპანიას აქვს ჩაფიქრებული, ამასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ტერიტორიაზე არის ჩატარებული შესაბამისი კულტურულ-მემკვიდრეობითი კვლევა და კვლევის მიხედვით საპროექტო ტერიტორია არ შედის ისტორიული განაშენიანების არეალში“, – განაცხადა ცოტნე ებრალიძემ.
ამასთან, „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმომადგენლები „დაიცავი ბათუმის“ პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებენ. „სილქ როუდ ჯგუფის“ უძრავი ქონების განვითარების დირექტორის, გიორგი მარის განცხადებით, პროექტის განვითარების ყველა ეტაპზე გათვალისწინებულია კანონის მოთხოვნები.
„მიწის ნაკვეთი ჩვენ შევიძინეთ 2006 წელს. 2006 წლიდან არის ჩვენს მფლობელობაში და ამ პროექტის განვითარების დროს ვითვალისწინებთ ყველა იმ კანონის მოთხოვნას, რომელიც შეეხება ბათუმს, შეეხება კონკრეტულად ამ ტერიტორიას. ეს ტერიტორია დღესდღეობით არ არის ისტორიული განაშენიანების ზონაში შესული, რადგან ბათუმს ამ ზონების განმარტება საერთოდ არ გააჩნია. ამიტომ რაღაცა დამატებითი მოთხოვნების წაყენება ჩვენი კომპანიის მიმართ უბრალოდ უსამართლოდ მიმაჩნია“, – განაცხადა გიორგი მარიმ.
მისივე თქმით, ეს არის საკმაოდ დიდი პროექტი, რომელიც ბათუმის განვითარებას ხელს შეუწყობს და ქალაქში მაღალბიუჯეტიან ტურისტებს მოიზიდავს.
„პროექის განხორციელებაზე დაახლოებით 300 მილიონი დოლარ დაიხარჯება და დასრულების შემდეგ ვგეგმავთ, რომ 1000 კაცი დასაქმდება ამ ტერიტორიაზე. მშენებლობის პირველი ეტაპი ორწელიწადნახევარში დასრულდება“ – განაცხადა გიორგი მარიმ.