„სილქ როუდ ჯგუფი“ - უცხოელ ვიზიტორებს ჩამოსვლისთანავე ჩაუტარდათ „პისიარ“ ტესტი, საკარანტინო სივრციდან სასტუმროში მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც ყველა ტესტზე უარყოფითი პასუხი იყო მიღებული
„სილქ როუდ ჯგუფი“ - უცხოელ ვიზიტორებს ჩამოსვლისთანავე ჩაუტარდათ „პისიარ“ ტესტი, საკარანტინო სივრციდან სასტუმროში მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც ყველა ტესტზე უარყოფითი პასუხი იყო მიღებული

„სილქ როუდ ჯგუფის“ განცხადებას ავრცელებს უცხოელი ბიზნესპარტნორების ვიზიტთან დაკავშირებით, რომელთაგან ერთ-ერთს, რამდენიმე დღის წინ ბათუმის „რედისონში“ კორონავირუსი დაუდგინდა.

კომპანიის ინფორმაციით, „სილქ როუდ ჯგუფის“ პარტნიორი, ყაზახი ინვესტორი ერკინ ტატიშევი, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება, საქართველოში ოჯახთან ერთად ჩამოვიდა ერთობლივი მსხვილი საინვესტიციო პროექტის, ბათუმის „სილქ თაუერის“ შესახებ შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად.

ტატიშევის ვიზიტი შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული უმნიშვნელოვანესი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს საქმიანი ვიზიტების დაშვებას ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით. ვიზიტი დაიგეგმა და განხორციელდა საქართველოს მთავრობის მიერ რეგლამენტირებული ყველა შესაბამისი წესის და პროცედურის დაცვით, რაც გაწერილია მთავრობის დადგენილებით.

უცხოელი ვიზიტორები ჩამოფრინდნენ ჩარტერული რეისით და შესაბამისი პროცედურის თანახმად, თითოეულ მათგანს ჩამოსვლისთანავე ჩაუტარდა PCR ტესტი (საკუთარი ხარჯებით). სანამ ტესტის შედეგები ცნობილი გახდებოდა, მთელი ჯგუფი მოთავსებული იყო საკარანტინო სივრცეში. მათ სასტუმროში გადაინაცვლეს მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ლაბორატორიული კვლევით ყველა ტესტზე უარყოფითი პასუხი იქნა მიღებული. გარდა ამისა, პროცედურა ითვალისწინებს თითოეული მათგანის საკუთარი სახსრებით PCR ტესტირებას ყოველ 72 საათში, რაც ასევე მკაცრად არის დაცული“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ბათუმის „რედისონში“ კორონავირუსი დაუდასტურდა, საზღვრის კვეთისთანავე ჩაუტარდა პისიარტესტი და პირველი პასუხი იყო უარყოფითი, რის შემდეგაც იგი დაბინავდა სასტუმროში. ნინო ნიჟარაძის განცხადებით, კორონავირუსი უცხო ქვეყნის მოქალაქეს მხოლოდ სამი დღის შემდეგ, გეგმური ტესტირების შედეგად დაუდგინდა.