სიღნაღის საკრებულომ ექვსი თანამშრომლის თანამდებობრივი სარგოს მომატებაზე გადაწყვეტილება გამოიტანა
სიღნაღის საკრებულოში სხდომა შესვენების შემდეგ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.
სიღნაღის საკრებულომ ექვს თანამშრომელს თანამდებობრივი სარგოს მომატებაზე გადაწყვეტილება გამოიტანა.
როგორც მერის მოადგილე მადონა ბატიაშვილი აცხადებს, მაღალი რანგის თანამშრომლებისთვის ხელფასის გაზრდა მთავრობის დადგენილებით გასული წლის დეკემბერში უკვე განხორციელდა და ეს კანონის ზუსტი დაცვით მოხდა.
საკრებულოს შენობაში კვლავ რჩება პოლიცია, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარემ ილია ხატიაშვილმა ოპოზიციასთან ხმაურიანი დაპირისპირების დროს ადგილზე წესრიგის აღსადგენად გამოიძახა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები სარგოს მომატებას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში, სადაც პენსიები არ გაზრდილა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ხელფასებს იზრდიან და საკითხის გაუქმებას მოითხოვდნენ.
ხატიაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა პროვოკაცია მოეწყო და სხდომის ჩატარების საშუალებას არ აძლევდნენ.