სიღნაღის საკრებულოში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
სიღნაღის საკრებულოში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

სხდომაზე პირველ საკითხად სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრა განიხილება, ასევე განიხილება მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების საკითხი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები სარგოს მომატებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ქვეყანაში, სადაც პენსიები არ გაზრდილა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ფონზე ხელფასებს იზრდიან და საკითხის გაუქმებას მოითხოვენ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა თავმჯდომარემ ილია ხატიაშვილმა ჩაშლილად გამოაცხადა და ადგილზე წესრიგის აღსადგენად პოლიცია გამოიძახა, თუმცა გადაწყვეტილება ჩაშლის შესახებ ცოტახანში შესვენების გამოცხადებით შეიცვალა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა კი საკრებულო დატოვეს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ბოტკოველმა პირველ არხს განუცხადა, საკანონმდებლო მაცნეში არ არის რეგისტრირებული მე-17 დოკუმენტი, რომლითაც მაღალი თანამდებობის პირებს უკვე მოემატათ ხელფასი.

„ამის დამტკიცება უნდოდათ, რომ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება ჩარჩოებში მოექციათ. წუხელ მალულად შეცვალეს დღის წესრიგი და სხდომაზე მეორე რანგის თანამდებობრივი სარგოს გაზრდა გაიტანეს. მაღალი თანამდებობის პირები იანვრიდან უკვე იღებენ გაზრდილ ხელფასს“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

როგორც ბოტკოველმა განაცხადა, სამართლებრივი დავის დაწყებას არ გამორიცხავს.