„სიენენის“ წამყვანი და ნიუ იორკის ყოფილი გუბერნატორის ძმა ტელეეთერიდან სამუდამოდ მოხსნეს
„სიენენის“ წამყვანი და ნიუ იორკის ყოფილი გუბერნატორის ძმა ტელეეთერიდან სამუდამოდ მოხსნეს.
ტელეკომპანიაში გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ კრის კუომო ცდილობდა, ძმას – ენდრიუ კუომოს დახმარებოდა.
ნიუ იორკის ყოფილი გუბერნატორი ენდრიუ კუომო თანამშრომლებმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, რის გამოც ის გადადგა.
როგორც ნიუ იორკის გენერალური პროკურორის მიერ გამოქვეყნებული ახალი დოკუმენტებიდან გაირკვა, „სიენენის“ წამყვანი ცდილობდა დახმარებოდა ძმას, რათა ის სკანდალიდან „მშრალად გამოსულიყო“.
დოკუმენტების მიხედვით, კრის კუომო ზემოქმედებას ახდენდა წყაროებზე, რათა მათ გაემხილათ მისი ძმის წინააღმდეგ მომჩივანთა ვინაობა და შემდეგ ამ ინფორმაციას ნიუ იორკის გუბერნატორის ოფისს აწვდიდა.
კუომოს საქციელი ჟურნალისტური ეთიკის უხეშ დარღვევად შეფასდა. „სიენენში“ განაცხადეს, რომ „ჟურნალისტის მხრიდან მისი ძმის სკანდალში ჩართულობის ხარისხის შესახებ არ იცოდნენ“.
„სიენენის“ პოპულარულ წამყვან კრის კუომოს მიჰყავდა გადაცემა, რომლის სტუმარიც კოვიდპანდემიის პერიოდში ხშირად იყო მისი ძმა – ნიუ იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო.