„სიენენის“ ინფორმაციით, რუსმა ჰაკერებმა აშშ-ში ნავთობსადენზე კიბერშეტევა მიიტანეს
„სიენენის“ ინფორმაციით, რუსმა ჰაკერებმა აშშ-ში ნავთობსადენზე კიბერშეტევა მიიტანეს

რუსმა ჰაკერებმა აშშ-ში ნავთობსადენზე კიბერშეტევა მიიტანეს, – ამის შესახებ „სიენენი“ იუწყება. მომხდართან დაკავშირებით აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტმა საგანგებო მდგომაროება გამოაცხადა.

საუბარია ამერიკულ კომპანია „კოლონიალ პაიპლაინზე“, რომელზე კიბერთავდასხმა, თავდაპირველი ცნობებით, ჰაკერულმა დაჯგუფება „დარქ საიდმა“ მიიტანა. „სიენენის“ ინფორმაციით, კიბერდამნაშავეები რუსეთიდან არიან. ანალოგიურ ინფორმაციას ადასტურებს „ბლუმბერგიც“.

კიბერშეტევის შედეგად მუშაობა შეწყვიტა ნავთობსადენმა, რომელიც ნავთობით უზრუნველყოფს აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს მოსახლეობის 45 პროცენტს. ამერიკული მედია იუწყება, რომ კიბერთავდასხმამ შესაძლოა, საწვავის მიწოდება შეაფერხოს და ფასების ზრდა გამოიწვიოს.

მომხდარის გამო ტრანსპორტის დეპარტამენტმა რამდენიმე შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აღნიშნული რეჟიმის ფარგლებში ამ შტატებში საწვავის ტრანსპორტირება ალტერანტიული გზებით უნდა მოხდეს. საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს ალაბამაში, არკანზასში, ჯორჯიაში, ლუიზიანაში, ნიუ იორკსა და კოლუმბიის ოლქშიც.

ამერიკული მედიის ცნობით, ჰაკერებს ნავთობსადენის მფლობელი კომპანიის მონაცემები ჩაუვარდათ ხელში, რომელთა ნაწილი ახლა დაბლოკილია და თავდამსხმელი ჰაკერები მათგან გამოსასყიდს ითხოვენ.