„სიენენის“ აღმასრულებელი დირექტორი კრის ლიხტი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, როგორც მედია წერს, გათავისუფლებას წინ უძღოდა „სიენენის“ ინტერვიუ დონალდ ტრამპთან
„სიენენის“ აღმასრულებელი დირექტორი კრის ლიხტი 13 თვის შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლეს, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
მედიის ცნობით, ლიხტის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ყოფნა დაბალი რეიტინგით გამოირჩეოდა.
ლიხტის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია „სიენენის“ თანამშრომლებს „უორნერ ბრაზერსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ ზასლავმა შეატყობინა.
„ჩვენ ვაცხადებთ, რომ კრის ლიხტი დატოვებს „სიენენს“ და განვახორციელებთ აქტიურ ქმედებებს ახალი ლიდერის შესარჩევად, როგორც გუნდის შიგნით, ისე მის გარეთ. მინდოდა, ეს სიახლე პირადად ჩემგან გაგეგოთ, რადგან ეს გავლენას მოახდენს თქვენზე და თქვენს გუნდზე“, – აღნიშნულია შეტყობინებაში.
როგორც მედია წერს, ლიხტის გათავისუფლებას წინ უძღოდა „სიენენის“ ინტერვიუ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან, რასაც კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.
კრის ლიხტი თანამდებობაზე გასულ წელს დაინიშნა, როდესაც Discovery გაერთიანდა „WarnerMedia-სთან, სადაც CNN-ი, HBO და სხვები შედიან.