„სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს
ამერიკული გამოცემა „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს. გამოცემის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ.
ამერიკის შეერთებული შტატები – პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსის ტესტი გუშინ გაიკეთა და პასუხი უარყოფითია. აშშ-ის პრეზიდენტმა ტესტის გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიის პრეზიდენტის დელეგაციის რამდენიმე წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. გასულ კვირას პრეზიდენტმა ტრამპმა ბრაზილიელ კოლეგას და მის დელეგაციას უმასპინძლა. აშშ-ში ასევე თვითიზოლაციაშია ცხრა კონგრესმენი. ერთ-ერთ კონფერენციაზე მათ დაინფიცირებულ პირთან ჰქონდათ კონტაქტი.
კანადა – კანადის პრემიერ-მინისტრის მეუღლე სოფიე კორონავირუსითაა დაინფიცირებული. ის და პრემიერი ახლა იზოლაციაში არიან. პრემიერი ამბობს, რომ მოვალეობის შესრულებას დისტანციურად აგრძელებს, რადგან ჯერ არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება.
საფრანგეთი – საფრანგეთში „კოვიდ -19“-ით ოთხი პოლიტიკოსი არის დაინფიცირებული – პარლამენტის წევრი, კულტურის მინისტრი, სახელმწიფო მდივანი და ეკოლოგიის მინისტრი.
ესპანეთი – ესპანეთის პრემიერის, პედრო სანჩესის მეუღლეს „კოვიდ -19“ დაუდასტურდა. პრემიერი და მისი მეუღლე თავს კარგად გრძნობენ და იზოლაციაში იმყოფებიან.
ბრაზილია – ბრაზილიის პრეზიდენტის დელეგაციის სამ წვერს, მათ შორის პრესსსპიკერს „კოვიდ – 19“ დაუდასტურდა. ისინი გასულ კვირას ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებში იმყოფებოდნენ.
ბრიტანეთი – ბრიტანეთში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი „კოვიდ – 19“-ით არის დაინფიცირებული. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრს შეხება ჰქონდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, ბორის ჯონსონთან. პრემიერი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ტესტის ჩატარებას არ აპირებს, რადგან მას არანაირი სიმპტომი არ აქვს.
ფილიპინები – ფილიპინების პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა და ის უარყოფითია. მას კონტაქტი ჰქონდა ერთ-ერთ დაინფიცირებულთან.
ირანი – ირანის მთავრობის რვა პროცენტი კორონავირუსით არის დაინფიცირებული. დაინფიცირებულები არიან პარლამენტის წევრები, ასევე დაფიქსირდა ორი მათგანის გარდაცვალება.
ავსტრალია – ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი „კოვიდ – 19“-ით არის დაინფიცირებული. მას კონტაქტი ჰქონდა აშშ-ს გენერალურ პროკურორთან, უილიამ ბართან, ასევე დონალდ ტრამპის შვილთან, ივანკა ტრამპთან.
მონღოლეთი – ქვეყნის პრეზიდენტი და სხვა პოლიტიკოსები ორი კვირით კარანტინში არიან, ისინი ერთდღიანი ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდნენ.
სომხეთი – თვითიზოლაციაშია სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი და მისი მეუღლე. ისინი სევანის ტბაზე სამთავრობო რეზიდენციაში არიან. იზოლაციის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიის პირველ ლედის კორონავირუსი დაუდასტურდა. რამდენიმე დღის წინ, სომხეთის პირველი ლედი ბრაზილიის პირველ ლედის შეხვდა.