„სიენენი“ - გასული ღამის განმავლობაში ნიუ იორკში, აქციაზე 340 ადამიანი დააკავეს
გასული ღამის განმავლობაში ნიუ იორკში 340 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას „სიენენი“ ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სიენენის“ ინფორმაციით, ღამის განმავლობაში მიმდინარე შეტაკებების შედეგად 33 სამართალდამცველი დაშავდა, მათგან რამდენიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ღამის განმავლობაში მიმდინარე შეტაკებების დროს პოლიციის 48 ავტომობილი დაზიანდა.
აქციის მონაწილეები, 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აპროტესტებენ. ჯორჯ ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამოძიების ფარგლებში უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.