„სიენენი“ - დონეცკის ოლქში საკუთარი შეიარაღებული ძალების წინსვლის ფონზე, უკრაინამ ბოლო რამდენიმე დღეში აშშ-ის მიერ მიწოდებული 16 ჯავშანტრანსპორტიორი დაკარგა
უკრაინამ ბოლო რამდენიმე დღეში აშშ-ის მიერ მიწოდებული 16 ჯავშანტრანსპორტიორი დაკარგა, დონეცკის ოლქში ქვეყნის შეიარაღებული ძალების წინსვლის ფონზე. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ვებგვერდ Oryx-ზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან სამხედრო აღჭურვილობის დანაკარგის მონიტორინგს აწარმოებს.
ბოლო დღეებში უკრაინის ძალებმა დონეცკში სამი სოფელი გაათავისუფლეს რუსეთის ძალებისგან.
არსებული ცნობებით, „ბრედლის“ ტიპის 16 საბრძოლო მანქანა განადგურდა ან დაზიანდა. ეს წარმოადგენს კიევისთვის ვაშინგტონის მიერ გადაცემული „ბრედლის“ მანქანების თითქმის 15%-ს.
უკრაინამ აშშ-სგან აღნიშნული ჯავშანმანქანების პირველი პარტია იანვრის ბოლოს მიიღო. როგორც მაშინ „სიენენის“ სამხედრო ანალიტიკოსი, გადამდგარი გენერალი ჯეიმს მარკსი აღნიშნავდა, „ბრედლის“ გამოყენებას დასჭირდებოდა სხვა შესაძლებლობებიც, როგორებიცაა საჰაერო მხარდაჭერა, გრძელ მანძილზე მოქმედი არტილერია და ზუსტი დაზვერვა. ამერიკული ტელეკომპანიის ცნობით, საჰაერო თავდაცვა არის ის სფერო, რომლის ნაკლებობას უკრაინის შეიარაღებულ ძალები განიცდიან, თუმცა კიევი ელოდება დასავლეთისგან „F-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს.