„სიენენი“ - ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციის, „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ შვიდი თანამშრომლის დაღუპვაში დამნაშავე ისრაელის თავდაცვის ძალებია
„სიენენი“ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯო ბაიდენს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციის, „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ შვიდი თანამშრომლის დაღუპვაში ისრაელის თავდაცვის ძალებია დამნაშავე.
როგორც „სიენენი“ წერს, ნეთანიაჰუმ დაარწმუნა ბაიდენი, რომ მისი მთავრობა გეგმავს ზომების მიღებას, რათა თავიდან აიცილოს მსგავსი შეცდომის განმეორება.
„ნეთანიაჰუმ განუცხადა ბაიდენს, რომ ისრაელი აპირებს, გააუმჯობესოს არაკომერციული ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის თვალყურის დევნება ღაზის სექტორში, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ასეთი ნაბიჯები აუცილებელია“, – წერს „სიენენი“ აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ შედგა. თეთრი სახლის ცნობით, „ჯო ბაიდენმა განუმარტა ისრაელს, რომ აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მშვიდობიანი მოსახლეობის ზიანის, ჰუმანიტარული ტანჯვისა და დამხმარე მუშაკების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
ცნობისთვის, ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმის შედეგად საქველმოქმედო ორგანიზაცია „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ შვიდი თანამშრომელი დაიღუპა.