ჯო ბაიდენსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ჯო ბაიდენსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიდერებმა ღაზაში არსებული სიტუაცია განიხილეს.

ამასთან, როგორც თეთრი სახლი წერს, „აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეტევები ჰუმანიტარული მუშაკების მიმართულებით და, ზოგადად, არსებული ჰუმანიტარული სიტუაცია, მიუღებელია“.

თეთრი სახლის ცნობით, „ჯო ბაიდენმა განუმარტა ისრაელს, რომ აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მშვიდობიანი მოსახლეობის ზიანის, ჰუმანიტარული ტანჯვისა და დამხმარე მუშაკების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.

ბაიდენის თქმით, ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული სიტუაციის სტაბილიზაციისთვის და მის გასაუმჯობესებლად, ასევე უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.

ამასთან, თეთრი სახლის განცხადებით, ჯო ბაიდენმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ „განიხილეს ირანის საჯარო მუქარები ისრაელისა და ისრაელელი ხალხის მიმართ“.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ისრაელს ამ საფრთხეების წინაშე“, – აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.