აშშ-ის უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მონიტორინგის მცირე საშუალებები აქვს. ეს არის გაცნობიერებული რისკი, რომელზეც ბაიდენის ადმინისტრაცია მიდის. ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია „სიენენი“ წერს სტატიაში სათაურით „რა მოსდის უკრაინაში გაგზავნილ იარაღს? აშშ-მა დანამდვილებით არ იცის“.
როგორც „სიენენი“ წერს, მოკლევადიან პერსპექტივაში აშშ ასობით მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობის გაგზავნას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს უკრაინის შესაძლებლობისთვის, შეაკავოს მოსკოვის ინტერვენცია. თუმცა, როგორც აშშ-ის მაღალჩინოსნები და თავდაცვის სფეროს ექსპერტები აცხადებენ, რისკი მდგომარეობს იმაში, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში აღნიშნული შეიარაღების ნაწილი შესაძლოა, აღმოჩნდეს სხვა შეიარაღებული ძალებისა და მებრძოლების ხელში, რომელთა შეიარაღებას აშშ არ გეგმავდა.
როგორც მედიასაშუალებას აშშ-ის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანმა განუცხადა, უკრაინისთვის მილიარდობით დოლარის იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდების გადაწყვეტილების მიღებისას, ბაიდენის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა რისკი, რომ ზოგიერთი შეიარაღება შესაძლოა, საბოლოოდ აღმოჩნდეს მოულოდნელ ადგილებში. თუმცა, მისი თქმით, ამჟამად ადმინისტრაცია გაცილებით დიდ რისკად მიიჩნევს უკრაინის სათანადოდ შეიარაღების წარუმატებლობას.
ტელეკომპანიის ცნობით, ვინაიდან ამერიკელი სამხედროები არ არიან წარმოდგენილი ადგილზე, აშშ და ნატო დიდ წილად არიან დამოკიდებული უკრაინის მთავრობის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე. კერძო საუბრებში, ამერიკელი მაღალჩინოსნები აღიარებენ, რომ უკრაინას აქვს მოტივი, გასცეს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც გაამყარებს მათ არგუმენტებს უფრო მეტი იარაღის, დახმარებისა და დიპლომატიური მხარდაჭერის მისაღებად.
„ეს არის ომი. ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ და აცხადებენ საჯაროდ, მიმართულია იმისკენ, რომ მათ გამარჯვებაში დაეხმაროს. ყოველი საჯარო განცხადება, ყოველი ინტერვიუ, ზელენსკის ყოველი გამოჩენა ეთერში არის საინფორმაციო ოპერაცია. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არასწორად იქცევიან“, – აცხადებს „სიენენთან“ საუბარში დასავლურ დაზვერვასთან დაახლოებული წყარო.
სტატიის თანახმად, თვეების განმავლობაში ამერიკელი და დასავლელი მაღალჩინოსნები სთავაზობდნენ დეტალურ ანგარიშებს იმის შესახებ, თუ რა იცის დასავლეთმა უკრაინაში რუსეთის ძალების მდგომარეობასთან დაკავშირებით: რამდენია მათი მსხვერპლი, დარჩენილი ბრძოლისუნარიანი ძალა, მათი იარაღის მარაგები, რა სახის საბრძოლო მასალებს და სად იყენებენ. თუმცა, როდესაც საქმე ეხება უკრაინულ ძალებს, ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ დასავლურ ქვეყნებს, მათ შორის აშშ-ის, აქვთ გარკვეული საინფორმაციო ხარვეზები. ამერიკულ და დასავლურ დაზვერვასთან დაახლოებული „სიენენის“ ორი წყარო ამბობს, რომ უკრაინის მხარეს მსხვერპლის შესახებ დასავლეთის შეფასება ასევე ბუნდოვანია.
„რთულია მონიტორინგი, როდესაც არავინ გყავს ადგილზე“, – აცხადებს ერთ-ერთი რესპონდენტი.
ამასთან, „სიენენი“ წერს უკრაინაში დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენების მონიტორინგის სირთულზე.
პენტაგონის პრესსპიკერი ჯონ კირბი აცხადებს, რომ თავდაცვის დეპარტამენტის მიერ არ არის განსაზღვრული, გაგზავნილი იარაღი კონკრეტულად რომელ დანაყოფს უნდა მიეწოდოს.
კირბის ცნობით, შეიარაღებით დატვირთულ მანქანებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს პირდაპირ პოლონეთში აწვდიან, საიდანაც უკრაინაში გადაჰყავთ. უკრაინელების გადასაწყვეტია, სად წავა ეს იარაღი და როგორ განაწილდება ქვეყნის შიგნით.
როგორც კონგრესში „სიენენის“ ერთ-ერთი წყარო აცხადებს, იმის მიუხედავად, რომ აშშ არ არის წარმოდგენილი უკრაინაში ადგილზე, მას აქვს ინსტრუმენტები იმის გასაგებად, თუ რა ხდება უკრაინელების მიერ მიწოდებული ინფორმაციის გარდა. მან აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე იყენებს სატელიტურ გამოსახულებებს.
ამასთან, კიდევ ერთი წყარო კონგრესში მედიასაშუალებასთან საუბრობს, რომ აშშ-ის სამხედრო მეთაურობა უკრაინის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ძირითადად სანდოდ განიხილავს, აშშ-სა და უკრაინას შორის მრავალი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული მტკიცე ურთიერთობების გათვალისწინებით. თუმცა, როგორც წყარო აღნიშნავს, ეს არ ნიშნავს, რომ არ არის გარკვეული „ბრმა წერტილები“.
CATO-ს ინსტიტუტის თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსი ჯორდან კოენი „სიენენთან“ ამბობს, რომ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის ნაკადთან დაკავშირებული ყველაზე დიდი საფრთხე მდგომარეობს იმაში, თუ რა დაემართება ამ იარაღს ომის შემდეგ ან იმ შემთხვევაში, თუ ომი გაჭიანურებულ ჩიხში შევა.
როგორც „სიენენის“ სტატიაშია აღნიშნული, რისკი თან სდევს საზღვარგარეთ იარაღის გაგზავნის ნებისმიერ გადაწყვეტილებას. ათეულობით წლის განმავლობაში აშშ აგზავნიდა იარაღს ავღანეთში. საბოლოოდ, იარაღის ნაწილი აღმოჩნდა „შავ ბაზარზე“, მათ შორის „სტინგერის“ სარაკეტო კომპლექსები. როდესაც 2001 წელს აშშ თავად შევიდა ავღანეთში, ზოგიერთი მაღალჩინოსანი შიშობდა, რომ ეს იარაღი შესაძლოა, „თალიბების“ მიერ ამერიკული ძალების წინააღმდეგ ყოფილიყო გამოყენებული. ბევრი იმ შეიარაღებიდან, რომელიც აშშ-მა გადასცა ავღანეთის ძალებს, ავღანეთის მთავრობის დამხობის შემდეგ გახდა „თალიბანის“ არსენალის ნაწილი. ეს პრობლემა მხოლოდ ავღანეთს არ ეხება. საუდის არაბეთისთვის და არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის მიყიდული იარაღი „ალ-ქაიდასთან“ და ირანთან დაკავშირებული მებრძოლების ხელში აღმოჩნდა.
პენტაგნში აღიარებენ, რომ ანალოგიური სცენარის რისკი არსებობს უკრაინის შემთხვევაშიც, თუმცა აღნიშნავენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მოკლევადიანი საჭიროებების გათვალისწინებით, ამგვარი გრძელვადიანი რისკი მისაღებად მიიჩნევა. ოფიციალურ პირებს ნაკლებად ადარედებთ, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, რომ იარაღი შეიძლება, რუსების ხელში აღმოჩნდეს.
ამასთან, „სიენენის“ წყარო აღნიშნავს, რომ რუსეთის წარუმატებულობა, დაიკავოს უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი ან აიძულოს უკრაინულ დანაყოფებს ჩაბარება, ნიშნავს, რომ ეს იარაღი უკრაინელების მიერ გამოყენებულია ან მათ ხელში რჩება.